ახალი ამბები

თბილისში აქციაზე რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა

10 ოქტომბერი, 2022 • 1325
თბილისში აქციაზე რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, სადაც უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა კრემლის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს, რუსეთის მოქალაქემ საკუთარი პასპორტი დაწვა.

რუსეთის მოქალაქის განცხადებით, მას აღარ სურს დაკავშირებული იყოს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ტერორისტულად კლავს საკუთარ და სხვის მოქალაქეებს.

მისი თქმით, ჰქვია ნიკიტა, არის პეტერბურგიდან და მიმდინარე წელს რუსეთში ომის საწინააღმდეგო პროტესტშიც მონაწილეობდა, რის გამოც დააკავეს.

“ვეცადეთ, მშვიდობიანად გაგვეკეთებინა რაიმე, თუმცა ამან არ იმუშავა” დასძენს ის.

როგორც ნიკიტა ჰყვება, რუსეთი 1 თვის წინ დატოვა.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება იყო.

“ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს.

მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!” — აცხადებენ ორგანიზატორები.

ფოტო გარეკანზე: © მიხეილ გვაძაბია

მასალების გადაბეჭდვის წესი