ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს – ღარიბაშვილი

9 ოქტომბერი, 2022 • 1125
იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცული იყოს – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვაზე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს პატიმრების ჯანმრთელობის და უფლებების დასაცავად. ამასთან, მისი თქმით, არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, 9 ოქტომბერს განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა: იმ შემთხვევაში, თუ მედიკოსებმა დაადასტურეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მზად არის თუ არა ხელისუფლება, რომ ყოფილი პრეზიდენტი მესამე ქვეყანაში გადაიყვანონ. ღარიბაშვილმა კი უპასუხა:

“კონკრეტიკა გაქვთ რამე, კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, რა სჭირს ბატონ სააკაშვილს? მე ვიცი რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს აბსოლუტურად დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“.

გუშინ, 8 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ მოინახულა ამერიკელმა ექიმმა, ჯეიმს კობი, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილი დამატებით კვლევებს საჭიროებს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა გიული ალასანიამაც. ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება ამის კომპენსირება. მისი თქმით, სააკაშვილი “პრაქტიკულად სულ წევს” და ასეთ მდგომარეობაში ის ადრე არ ყოფილა.

“რამდენიმე დღეა ის ასეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია, არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა”, – თქვა ალასანიამ.

მისი თქმით, ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა, როგორც მძიმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი