ახალი ამბები

მინდა, დავამახსოვრდე ომბუდსმენად, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერის უფლებას – ლომჯარია

7 ოქტომბერი, 2022 • 1807
მინდა, დავამახსოვრდე ომბუდსმენად, რომელიც იცავდა სააკაშვილის და ნებისმიერის უფლებას – ლომჯარია

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ სურს, საზოგადოებას დაამახსოვრდეს სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის და ყველა იმ პირის უფლებებს, რომლის დაცვაც პოპულარული არ იყო.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

ლომჯარიას „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა უთხრა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქცია და ხალხს თავი უფრო დაამახსოვრა არა სახალხო დამცველად, არამედ მიხეილ სააკაშვილის დამცველად.

ნინო წილოსანის პასუხად ნინო ლომჯარიამ განაცხადა:

„დიახ, მე მინდა, რომ დავამახსოვრდე სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები და სასიამოვნო.

დიახ, მე მინდა დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა ყველა იმ პირს, რომლის უფლებების დაცვა არ იყო პოპულარული და რომლის გამოც სახალხო დამცველი ხდებოდა თავდასხმის ობიექტი. მათ შორის, ვიცავდი და დავიცავ ვადის ამოწურვამდე იმ პირებს, რომლებიც თქვენი გუნდის წევრები იყვნენ ძალიან დიდი ხანი, მაგრამ ახლა არ არიან და დღეს მათაც სჭირდებათ დახმარება და ამ მიმართულებით დისკრიმინაციას ნამდვილად არ ვეწევი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი