ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში აზერბაიჯანის საზღვართან დროებით ევროკავშირის მისია განთავსდება

7 ოქტომბერი, 2022 • 1633
სომხეთში აზერბაიჯანის საზღვართან დროებით ევროკავშირის მისია განთავსდება

“სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებას აზერბაიჯანთან საზღვარზე, აზერბაიჯანი თანამშრომლობისთვის მზადაა”, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პრაღაში ოთხმრივი შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

გუშინ, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის.

“ვიმედოვნებ, ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით მშვიდობას. ვაფასებ შარლ მიშელის მუშობას ამ კუთხით, რადგან, როგორც იცით, ბრიუსელში რამდენჯერმე ჩატარდა სამმხრვი შეხვედრა და ყოველ ჯერზე სულ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან”, – განაცხადა ალიევმა შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანულ მედიასთან.

აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური ცნობით, ალიევი დათანხმდა მისიასთან თანამშრომლობას, თუმცა, უარი განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებაზე.

ბაქოს ცნობითვე, მისია მუშაობას ოქტომბერშივე დაიწყებს და ორი თვის განმავლობაში იმუშავებს “ნდობის აღდგენისა და საზღვრების დელიმიტაციის კომისიების სამუშაო პროცესის მხარდასაჭერად”.

აზერბაიჯანული სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდაპირველად, ევროკავშირმა და საფრანგეთმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსება ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე შესთავაზეს, თუმცა აზერბაიჯანი ამ წინადადებას არ დათახმდა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მისია მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე განთავსდება და აზერბაიჯანული მხარე მასთან ითანამშრომლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი