ნეტგაზეთი | ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ ტელეკომპანია კავკასიასთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე. შინაგან საქმეთა სამმართველოსთან  კი შეკრებილები არიან სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრები.

 

ტელეკომპანია კავკასიასთან გუშინ მომხდარი ინციდენტის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. ამ დროისთვის კი შინაგან საქმეთა სამმართველოსთან შეკრებილები არიან სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაციის წევრები.
ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი აცხადებს, რომ დაკავებულია მათი ორგანიზაციის რვა წევრი. თუმცა, გულაშვილი გუშინ, საღამოს, ეთერში  ყოველგვარ კავშირს უარყოფდა იმ პირებთან, რომლებმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებს და გადაცემის სტუმრებს.
 
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულთა შორის არის შალვა აფხაიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთერთი ყველაზე აქტიური წევრი.
პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები გუშინ ღამესვე დაიწყო. გადაცემა ”ბარიერის” წამყვანის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, პროკურტაურამ დაკითხა, როგორც ჯანგირაშვილი, ასევე ტელეკომპონიის სხვა თანამშრომლები, რომლებიც გუშინდელი ინციდენტის დროს დაზარალდნენ.
რამდენიმე ოპერატორს გარეგანი დაზიანებები აქვს. დაშავებულთა შორისაა ტელეკომპანიის ხელმძღვანელი დავით აქუბარდია.
აქუბარდია ტელეკომპანიაში მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ინციდენტი დაიწყო. ტელეკომპანიის შესასვლელთან მას უკვე დახვდა რადიკალ მართლმადიდებელთა ჯგუფი და ფიზიკურად გაუსწორდა.
რეჟისორმა ზაზა სვანაძემ ნეტგაზეთს გუშინვე განუცხადა, რომ ოთხი პირი წიხლებით სცემდა აქუბარდიას. ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, გადაღებულია ვიდეომასალაც, რომელიც რეჟისორმა ნივთმტკიცების სახით გადასცა პროკურატურას.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, როცა გადაცემის სამმა სტუმარმა– თეო ხატიაშვილმა, ბექა მინდიაშვილმა და სერგო რატიანმა სტუდია დატოვეს. სტუდიიდან გასულებს კი მათ რადიკალი მართლმადიდებლები დახვდნენ, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
”მათ შორის ერთ–ერთი ნამდვილად იყო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი, რომელსაც მუდამ ვხედავ მათ აქციებზე. დანარჩენი პირებიც მონაწილეობენ ხოლმე მშკ-ს აქციებზე”, – ამბობს ჯანგირაშვილი
გადაცემა ”ბარიერის” წამყვანი გუშინდელ ინციდენტს აფასებს, როგორც ”შავრაზმელობას”: 
– ზეწოლა ტელევიზიაზე, ან გადაცემის სტუმრებზე ძალიან მსუფუქი შეფასებაა. როცა განსხვავებული აზრის ადამიანებს ასეთი ფორმით უსწორდებიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა შავრაზმელობა და კრიმინალი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge