ახალი ამბები

რუსეთში კარა-მურზას „სახელმწიფო ღალატში“ ადანაშაულებენ

6 ოქტომბერი, 2022 • 629
რუსეთში კარა-მურზას „სახელმწიფო ღალატში“ ადანაშაულებენ

რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს, ვლადიმერ კარა-მურზას ახალი ბრალდება წაუყენეს – მას ამჯერად „სახელმწიფო ღალატში“ სდებენ ბრალს.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიები, RT და ТАСС ავრცელებენ.

სამთავრობო მედიის ცნობითვე, გამოძიების ვერსიით, კარა-მურზა, „არაერთი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ნატოს წევრი ქვეყნების ორგანიზაციებს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ, რაშიც ყოველთვიურად 30 000 აშშ დოლარს იღებდა“.

„იზვესტია“ წერს, რომ ყარა-მურზა „კონსულტაციას უწევდა უცხო ქვენების სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს“ და „მუშაობდა არასასურველი ორგანიზაციის, ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ინტერესებისთვის“.

2022 წლის აპრილში კარა-მურზას ბრალი ასევე წაუყენეს რუსული სამხედროების შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით. იგი 11 აპრილს დააკავეს მოსკოვში.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე კარა-მურზამ ინტერვიუ მისცა CNN-ს, რა დროსაც რუსეთში დღეს არსებულ მმართველობას „მკვლელების რეჟიმი“ უწოდა და კრემლი უკრაინაში შეჭრის გამო გააკრიტიკა.


Bellingcat-ის, The Insider-ის და BBC-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კარა-მურზას მოწამვლა „ეფესბეს“ თანამშრომლებმა ორჯერ სცადეს – 2015 და 2017 წლებში.

გამოძიების თანახმად, იგივე პირები მონაწილეობდნენ ალექსეი ნავალნის მოწამვლაშიც.

რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე, კარა-მურზამ თანამოაზრეებთან ერთად, რომელთა შორის იყო მიხაილ ხადარკოვსკი – ანტისაომარი კომიტეტი შექმნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი