ახალი ამბები

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა – Forbes

4 ოქტომბერი, 2022 • 643
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა – Forbes

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სხვა წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან, ჯამში, თითქმის ერთი მილიონი ადამიანი წავიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან ტურისტული მიზნებით.

Forbes ღია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის შუალედში რუსეთის 20 000 მოქალაქე ყაზახეთში გაემგზავრა, დაახლოებით 69 000 მოქალაქე კი 21-დან 29 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში შემოვიდა, მომდევნო დღეებში რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი დღეში საშუალოდ 6 ათასი იყო. Forbes-ის მიხედვით, რუსეთის 66 000 მოქალაქე ფინეთში 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე პერიოდში შევიდა. 22-28 სექტემბერს კი მონღოლეთში რუსეთის 6 268 მოქალაქე გაემგზავრა. გამოცემის ცნობით, 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით ყირგიზეთში რუსეთის 3 526 მოქალაქე შევიდა.

ამასთან, Forbes აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები მობილიზაციის შემდეგ გაემგზავრნენ სომხეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა ამ ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების შესვლის სტატისტიკა საჯაროდ არ გამოუქვეყნებიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ მობილიზაციის გამოცხადებამდე, Rosstat აცხადებდა, რომ 2022 წლის დასაწყისში რუსეთი 419 000-მა ადამიანმა დატოვა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი