ახალი ამბები

ირანი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ფსევდორეფერენდუმების შედეგებს არ აღიარებს

4 ოქტომბერი, 2022 • 801
ირანი უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებული ფსევდორეფერენდუმების შედეგებს არ აღიარებს

ირანი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმზე, რომლის „შედეგების“ საფუძველზეც რუსეთი აღნიშნული ტერიტორიების მიერთებას ცდილობს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ნასერ ქანაანის თქმით, ირანის ისლამური რესპუბლიკა მოქმედებს საერთაშორისო კანონმდებლობისა და გაეროს ქარტიის შესაბამისად და პატივს სცემს ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მანამდე, 23 სექტემბერს, ოდესას ზღვიდან კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა ადმინისტრაციის შენობა. სამაშველო სამსახურები ხანძარს ებრძვიან. ერთი ირანული კამიკაძე დრონი „შაჰიდ-136“ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

აღნიშნულის საპასუხოდ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და კიევში მდებარე საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა შეამცირა.

„ირანულ მხარეს ეცნობა, რომ ირანული წარმოების იარაღის რუსეთისთვის მიწოდება და მისი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების საჯაროდ გაცხადებულ ნეიტრალიტეტს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას.

ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ უკრაინული მხარე აკრედიტაციას გააუქმებს ელჩს. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდება დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა კიევში მდებარე ირანის საელჩოში“ ,– ნათქვამი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი