თურქეთი რუსეთს სთხოვს ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის გადავადებას. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკითხში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამ გზით ანკარა იმ ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებას გეგმავს, რომელიც ენერგიაზე გაზრდილი ტარიფების გამო მიადგა.
Bloomberg ინფორმაციით, ანკარას სურს, რუსეთმა გადასახადი 2024 წლამდე გადაუვადოს. წინადადება თურქულმა მხარემ, გამოცემის ცნობით, იმ მოლაპარაკებებზე დაყრდნობით წამოაყენა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინანსური ვალდებულებების 25% თურქეთმა რუბლის ნაცვლად დოლარში გადაიხადოს.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა ქვეყნები შეთანხმებას და აცხადებს, რომ წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ საკითხზე თურქეთს ოფიციალურად ჯერ არ მიუმართავს „გაზპრომისთვის“ . გამოცემა ხაზს უსვამს, რომ თურქეთის დამოკიდებულებას იმპორტირებულ გაზზე დიდი წნეხი აქვს ეროვნულ ვალუტასა და ქვეყნის ბიუჯეტზე. თურქული ლირა 2022 წელს აშშ დოლარის მიმართ 28 პროცენტზე მეტით გაუფასურდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია არგენტინული პესოს შემდეგ. სავაჭრო დეფიციტი კი აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა და 11.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულს წინ უძღოდა თურქეთის პრეზიდენტის განცხადება გასულ თვეს, როცა ერდოღანმა თქვა, რომ პუტინთან გაზის საფასურზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და იმედი ჰქონდა, რომ ფასდაკლებას მიიღებდა. ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო მეტადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე, ორშაბათს განაცხადა, რომ „გაპრომმა“ ნება დართო, ბუნებრივი აირის საფასური მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გადაიხადონ.