ახალი ამბები

ზვიად ძიძიგური:იარაღი რამდენჯერმე გავისროლე ჰაერში

7 მაისი, 2010 • 1670
ზვიად ძიძიგური:იარაღი რამდენჯერმე გავისროლე ჰაერში

ეროვნული საბჭოს თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ იარაღი თავდაცვის მიზნით გაისროლა. მისი თქმით, მას 50 კაცი დაესხა თავს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებული თემურ ასათიანი ამბობს, რომ ძიძიგურის სახლიდან გამოვიდა ორი პიროვნება, რომლებმაც სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს პლაკატის გამკვრელებს. ”ამის შემდეგ კი გამოვიდა ძიძიგური, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ კი ჩვენი მიმართულებით 4-5 ჯერ გაისროლა”.

განსხვავებულია ზვიად ძიძიგურის მიერ მოყოლილი გუშინდელი ინციდენტი.

“50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, “ნაცმოძრაობის” აქტივისტები. მათ ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს. დავიხიე უკან, ჭიშკრამდე, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე”.

ზვიად ძიძიგურის მიერ იარაღის გასროლის ფაქტს ადასტურებს კობა დავითაშვილი, რომელიც დღეს ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე აცხადებდა, რომ ძიძიგურმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.

”მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იგივეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. რამდენჯერმე იყო სახლში შემოჭრის მცდელობა მთვრალი “ნაციონალების” მხრიდან, ასევე გარედან მიგინებდნენ ოჯახს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საქართველოს პროკურატურა ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ ზვიად ძიძიგურის სახლთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმეა აღძრული. ”არა კონკრეტულად ზვიად ძიძიგურის მიმართ, არამედ ფაქტთან დაკავშირებით”,-აცხადებს პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელი ეკა ჩიჩუა. საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.

ინფორმაცია საქმის აღძვრასთან დაკავშირებით დღეს პროკურატურის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლევან მახარაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ამჟამად ინციდენტში მონაწილე პირების  და თვითმხილველების დაკითხვა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი