ახალი ამბები

რუსეთში მოსწავლემ სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადა — BAZA

3 ოქტომბერი, 2022 • 607
რუსეთში მოსწავლემ სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადა — BAZA

რუსეთის ქალაქ ყაზანში დააკავეს მე-11 კლასელი გოგო, რომელმაც სამხედრო კომისარიატის შენობაში ცეცხლის გაჩენა სცადა. აღნიშნულის შესახებ ტელეგრამის არხი BAZA იუწყება.

რუსული ოპოზიციური არხის თანახმად, გოგოს თან ჰქონდა სამი “მოლოტოვის კოქტეილი”. ორი “კოქტეილი” მან შენობის მიმართულებით ისროლა, თუმცა მიზანს ააცილა და მხოლოდ ბალახი დაიწვა კომისარიატის ერთ-ერთი კედლიდან რამდენიმე მეტრში. მესამე ბოთლი სკოლის მოსწავლეს დაკავებისას უპოვეს.

BAZA-ს მიხედვით, გოგომ პოლიციას აუხსნა, რომ სურდა, ცეცხლი წაეკიდებინა სამხედრო კომისარიატის შენობისთვის, ვინაიდან ეწინააღმდეგება “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” და რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციას.

“მოსწავლე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში იმყოფება”, — დაწერა ტელეგრამის არხმა 3 სექტემბერს.

ამავე ცნობის მიხედვით, კომისარიატის დაწვა კრასნოიარსკშიც სცადეს. უცნობმა პირმა შენობაში ორი “მოლოტოვის კოქტეილი” შეაგდო, რის შედეგადაც მცირე ხანძარი გაჩნდა, თუმცა პოლიციამ მალევე შეძლო ცეცხლის ჩაქრობა. ხსენებული პირი დაკავებული არ არის.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემის, “მედუზას” თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან პირველ 6 თვეში 20 კომისარიატს წაუკიდეს ცეცხლი, თუმცა ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ასეთი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი