ახალი ამბები

ხაბარკოვსში მობილიზებულების ნახევარი შინ დაბრუნდა – „მედუზა“

3 ოქტომბერი, 2022 • 893
ხაბარკოვსში მობილიზებულების ნახევარი შინ დაბრუნდა – „მედუზა“

რუსეთის ხაბარკოვსკის ოლქში მობილიზებულების ნახევარი შინ დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რეგიონის გუბერნატორის, მიხაილ დეგტიარევის განცხადებით, ათასობით ადამიანის შინ დაბრუნება იმითაა განპირობებული, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ შერჩევის იმ კრიტერიუმებს, რაც სამხედრო სამსახურისთვისაა საჭირო. გუბერნატორისვე განცხადებით, აღნიშნულის გამო დაითხოვეს რეგიონის კომისარიატის ხელმძრვანელი იური ლაიკო:

„ათ დღეში ათასობით ადამიანმა მიიღო გაწვევა და გამოცხადდნენ კომისარიატებში, თუმცა მათი ნახევარი სახლში დაბრუნდა, რადგანაც არ აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვისაა საჭირო.  გადაცდომის ყველა ფაქტი უნდა აღმოიფხვრას. დღეს თანამდებობიდან გავათავისუფლეთ ხაბაროვსკის ოლქის სამხედრო კომისარი იური ლაიკო. ეს ხელს არ შეუშლის იმ მიზნების განხორციელებას, რაც პრეზიდენტმა დაგვისახა“, – აცხადებს გუბერნატორი.

მანამდე, ხაბარკოვსკის ოლქის გუბერნატორმა თავადაც განაცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლველად „სიამოვნებით“ წავიდოდა, თუმცა მთავრობაში მისი პოსტი აფერხებდა.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ “ნაწილობრივი მობილიზაცია” შეცდომების პირობებში მიმდინარეობს. პუტინმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, გამოასწორონ პროცესში დაშვებული შეცდომები და აღარ გაიმეორონ ისინი.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, თითოეული მოქალაქე, რომელიც არმიაში შეცდომით გაიწვიეს, უკან უნდა დაბრუნდეს.

“მაგალითად, მხედველობაში მყავს მრავალშვილიანი მამები [რომლებიც არასწორად გაიწვიეს], ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით, ან ისინი, ვინც გაწვევის ასაკში უკვე აღარ არიან”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ცნობებს “შეცდომით” გაწვეულების შესახებ მოსახლეობისგან იღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი