ახალი ამბები

არ მაინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მოვლენა ხდება მსოფლიოში – სააკაშვილი

1 ოქტომბერი, 2022 • 883
არ მაინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მოვლენა ხდება მსოფლიოში – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან ერთი წლის თავზე აცხადებს, რომ არ აინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები, მსოფლიოში იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება.

ის ამბობს, რომ ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგეს.

“ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი, სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავსვა კითხვა – როგორ არის შესაძლებელი, რომ თანამედროვე არმიის შემქმნელი ამ დიდ ბრძოლას თვალს ვადევნებ ციხიდან? სხვა თუ არაფერი, ახლა ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვიდგე ჯავშანჟილეტით და ავტომატით”, – ნათქვამია Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სააკაშვილი აცხადებს, რომ როგორც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა წრის წარმომადგენელი და უკრაინის რიგითი მოქალაქე, ასევე, როგორც საქართველოს პატრიოტი, ვალდებულია იყოს იქ, სადაც უკრაინის და საქართველოს ბედი წყდება.

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამას ვამბობ როგორც მთავარსარდალი, რომელმაც პირველად ვიწვნიე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა და გადავარჩინე მაშინ თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა. საერთოდ აღარ მაინტერესებს საქართველოს შიდაპოლიტიკური გარჩევები, იმდენად დიდი მასშტაბის მოვლენა ხდება მსოფლიოში, სადაც მეც მიცნობენ და იცნობენ ჩემს ბრძოლას რუსეთთან. თავისუფლება, ან სიკვდილი!” – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი