ახალი ამბები

სემნების და ტალიავინის ინტერვიუ

6 მაისი, 2010 • 1063
სემნების და ტალიავინის ინტერვიუ

გუშინ შეერთებული შტატების კონგრესის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის ეგიდით, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია ჰელსინკის კომისიის სახელწოდებით, გაიმართა მოსმენები თემაზე– „ეთნიკური კონფლიქტების განმუხტვა ეუთოს რეგიონში.“

 მოსმენების შემდეგ ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ ინტერვიუ სთხოვა ევროკავშირის საგანგებო წარგზავნილს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებისა და შვეიცარიელ დიპლომატსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელს ქალბატონ ჰეიდი ტალიავინის.

ბატონმა სემნებიმ ამგვარად დაახასიათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო დიპლომატიური ინიციატივები:

„ ვფიქრობ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ამჟამად ერთადერთი ფორუმია, სადაც დაინტერესებული მხარეები თავს იყრიან. მართალია, მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, მაგრამ ამ ფორუმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია აზრთა გაცვლის თვალსაზრისით. იმავდროულად, ჩვენ კვლავინდებურად მოვითხოვთ, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობების შესრულებას. აუცილებელია სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან კავშირების დამყარება და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის შენარჩუნდეს მიმოსვლა და ურთიერთობა. ამგვარად, საერთო მომავლის ხედვის შექმნაში ევროკავშირს გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლია, რადგან, ვფიქრობ, რომ ევროპულ ხედვას დიდი მიმზიდველობა აქვს რეგიონისთვის.“

სემნებიმ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების მიმართ ორ პრინციპს ეფუძნება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას გამორიცხავს, მაგრამ იქ მცხოვრებ ხალხთან კავშირების დამყარებას ითვალისწინებს. სემნებიმ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კონცეპტუალური მიდგომა ხშირად აისახება ქართველი ოფიციალური პირების განცხადებებში. 

ქალბატონმა ჰეიდი ტალიავინიმ აღნიშნა, რომ, მართალია, იგი რეგიონში წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ ყოფილა, 2008 წლის ამბების ემოციური დატვირთვა იმდენად ძლიერია, რომ, კონფლიქტში ჩართული მხარეების გარდა, ამ კრიზისით გამოწვეული ვნებათა ღელვა  საერთაშორისო თანამეგობრობაში დღემდე შეინიშნება. მისი თქმით:

„როცა გასულ წელს კონფლიქტთან დაკავშირებულ მოხსენებაზე ვმუშაობდი, ვგრძნობდი, რომ გარკვეულ პირებს დიდი სიძულვილი დაუგროვდათ და შედეგად  შეურიგებლები გახდნენ. ამდენად, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პრაქტიკული შემრიგებლური ინიციატივების წარმართვა, ვინაიდან, ზოგ შემთხვევაში, უბრალო დიალოგის გამართვა დადებით გავლენას მოახდენს. სამწუხაროა, რომ გაეროს მისიამ აფხაზეთში და ეუთოს მისიამ სამხრეთ ოსეთში შეწყვტიეს თავისი საქმიანობა. მართალია, მათ ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ ამ მისიების საშუალებით იმართებოდა დიალოგი საკმაოდ მწვავე საკითხებზე, რაც მხარეებს შორის ნდობის შექმნას უწყობდა ხელს.“

ინტერვიუს დასასრულს ქალბატონმა ტალიავინიმ გამოთქვა იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავინდებურად აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს კონფლიქტების დარეგულირებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი