ახალი ამბები

პუტინი 30 სექტემბერს „გააფორმებს“ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებას

29 სექტემბერი, 2022 • 890
პუტინი 30 სექტემბერს „გააფორმებს“ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 სექტემბერს მოაწერს ხელს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

„ხვალ, 15:00 საათზე, კრემლის დიდ სასახლეში, წმინდა გიორგის დარბაზში, გაიმართება რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია. ამ ღონისძიებაზე იქნება პრეზიდენტი პუტინის ვრცელი გამოსვლა“, — განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის პრეზიდენტის ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისგან განსხვავებული ფორმატი. პუტინი მოგვიანებით გამოვა პარლამენტის ორივე პალატის წინაშე.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი, სავარაუდოდ, 30 სექტემბერს, ფედერალური კრების შინაშე გამოსვლისას, „გააფორმებდა“ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილში რუსეთთან შეერთების საკითხზე უკანონო რეფერენდუმი 23-27 სექტემბერს დასრულდა. ოკუპაციის პირობებში ჩატარებული ფსევდორეფერენდუმის შედეგების თანახმად, დონეცკის ოლქში 99,23%-მა ხმა მისცა რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანებას, ლუგანსკის ოლქში — 98,42%-მა, ხერსონის ოლქში — 87,05%, ხოლო ზაპოროჟიის ოლქში — 93,11%-მა.

მასალების გადაბეჭდვის წესი