ახალი ამბები

თბილისში უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

27 სექტემბერი, 2022 •
თბილისში უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გმაზირის გავლით პარლამენტთან გადაინაცვლეს. აქციაზე შესრულდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებიც:

„27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი სიცოცხლე წაართვა.

გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის. დღეს უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს – ქართველები შინ დავბრუნდეთ. ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ“ ,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მსვლელობა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად „ევროპული საქართველოს“, „ტაბულას“, „აფხაზთა კრების“, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“, „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და უკრაინელი აქტივისტების ორგანიზებით გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი