ახალი ამბები

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ქვეყანა დატოვა

27 სექტემბერი, 2022 • 736
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ქვეყანა დატოვა

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ანასტასია დავიდოვამ ქვეყანა დატოვა და უკან დაბრუნებას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ რუსეთის სინქრონული ცურვის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სპორტის სწორედ ამ სახეობაშია ანასტასია დავიდოვა ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

გამოცემა წერს, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოლგა ბრუშნიკინა დავიდოვას გამგზავრებაზე საუბრისას აცხადებს, რომ ამბით „ყველა შოკირებულია“. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის ამ გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არც თავად ალექსანდრა დავიდოვას და არც კომიტეტის სხვა წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციებმა რუს ათლეტებს აუკრძალა შეჯიბრებებში მონაწილეობა. სანქციები შეეხო ფეხბურთსაც და რუსეთის ეროვნული ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან ჩახსნეს, რუსული კლუბები კი ისეთ საერთაშორისო შეჯიბრებებში ვეღარ იღებენ მონაწილეობას, როგორიც უეფას ჩემპიონთა და ევროპის ლიგებია. შეზღუდვები შეეხოთ ჰოკეის მოთამაშეებსაც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არაერთმა სპორტსმენმა დატოვა რუსეთი, ზოგმა კი მოქალაქეობაც შეიცვალა.

რაც შეეხება ანასტასია დავიდოვას, მან ზედიზედ სამ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი, მათ შორის 2004, 2008 და 2012 წლებში. დავიდოვა ასევე ცამეტჯერ გახდა სინქრონულ ცურვაში მსოფლიო ჩემპიონი.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, დავიდოვა თავდაპირველად რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, შემდეგ კი ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდა. გასულ წელს რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის მე-4 კლასის ორდენი მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი