ახალი ამბები

მოსკოვში დონბასის ანექსიის მოწინააღმდეგე რუსი პოეტი დაკავების შემდეგ გააუპატიურეს – ადვოკატი

27 სექტემბერი, 2022 • 2207
მოსკოვში დონბასის ანექსიის მოწინააღმდეგე რუსი პოეტი დაკავების შემდეგ გააუპატიურეს – ადვოკატი

31 წლის პოეტი არტიომ კამარდინი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს იმის გამო, რომ მოსკოვში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ომის საწინააღმდეგო ლექსი წაიკითხა.

მისი ადვოკატის თქმით, დაკავებისას მას სცემეს, შემდეგ კი ჰანტელის გამოყენებით გააუპატიურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადვოკატი ამბობს, რომ კამარდინს ჰოსპიტალიზაციაზე უარი უთხრეს და ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია.

26 სექტემბერს სპეცრაზმი შეიჭრა ბინაში, სადაც კამარდინი, მისი მეგობარი გოგო და კიდევ ორი პირი იმყოფებოდა.

“ნოვაია გაზეტა. ევროპის” ინფორმაციით, აქტივისტ პოეტს აიძულეს, ბოდიში მოეხადა 25 სექტემბერს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე წაკითხული ლექსისთვის, სადაც შეურაცხყოფას აყენებდა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციას და ამბობდა “დიდება კიევის რუსეთს” [Слава Киевской Руси, Новороссия — с*си!].

ერთ-ერთ ტელეგრამარხზე – “112” გავრცელდა ვიდეო, სადაც კამარდინი ბორკილებდადებული, მუხლებზე დაჩოქილი დგას ოთახში, სახეზე კი ცემის კვალი ეტყობა. ვიდეოში აქტივისტი ბოდიშს იხდის აღნიშნული სიტყვების გამო და პირობას დებს, რომ აღარასდროს წაიკითხავს აღნიშნულ ლექსს და აღარ მიიღებს პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას.

კამარდინის შეყვარებულმა ალექსანდრა პოპოვამ OVD-Info-სა და “ნოვაია გაზეტა. ევროპას” განუცხადა, რომ ჩხრეკისას მასზეც იძალადეს: მოაგლიჯეს თმები, სახესა და პირზე სუპერწებოთი დააკრეს სტიკერები, სცემეს ფეხებით და დაემუქრნენ ჯგუფური გაუპატიურებით. ასევე ანახეს ვიდეო, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებენ კამარდინს. მისი თქმით, მანამდე მეორე ოთხასიდან კამარდინის ყვირილის ხმები ესმოდა. ჩხრეკის შემდეგ კი სახლიდან 600 დოლარი დაიკარგა.

ქალის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს რუსული არმიის “დისკრედიტაციისთვის” და გაათავისუფლეს. მას ასევე ექსტრემიზმის შესახებ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსი მიანიჭეს.

“სოტას” ინფორმაციით, პოპოვას აღენიშნება ტვინის შერყევა და სისხლჩაქცევები სხეულის სხვადაასხვა ადგილას.

ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს 25 სექტემბრის აქციის კიდევ ორი მონაწილე – 26 წლის ნიკოლაი დაინეკო და 21 წლის ეგორ შტოვბა. ტელეგრამარხში „112“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დაინკო და შტოვბა, კამარდინის მსგავსად, კამერასთან ბოდიშს იხდიან.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ქალაქში. პოლიციამ აქციები დაარბია და ასობით ადამიანი დააკავა.

პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი