ახალი ამბები

ბრიტანელი გენერალი მობილიზებულ რუს ჯარისკაცებზე: არ ექნებათ არც ცოდნა, არც შეიარაღება, არც ენთუზიაზმი

27 სექტემბერი, 2022 • 701
ბრიტანელი გენერალი მობილიზებულ რუს ჯარისკაცებზე: არ ექნებათ არც ცოდნა, არც შეიარაღება, არც ენთუზიაზმი

ბრიტანელი გენერალი სერ რიჩარდ ბარონსი, რომელიც წარსულში ხელმძღვანელობდა ბრიტანული არმიის გაერთიანებულ ძალებს, Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში აფასებს რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას.

გენერალი მიიჩნევს, რომ მობილიზაციის შედეგად გაწვეული პირები, სავარაუდოდ, არც კარგად მომზადებული იქნებიან და არც კარგად შეიარაღებული.

გენერალი ბარონსი მიიჩნევს, რომ რეკრუტებს არც განსაკუთრებული ენთუზიაზმი ექნებათ საბრძოლველად:

„რუსეთს მოუწევდა ამ დიდი რაოდენობის ადამიანებში ინვესტირება, იქნება ეს წვრთნა თუ შეიარაღება, რის შემდეგაც მათ საბრძოლველად წაყვანას მომავალ წელს შეძლებდა. არ ჩანს, რომ მათ აქვთ წვრთნების პროცედურები, ლოჯისტიკა ან შეიარაღება, რომელიც ამას შესაძლებელს გახდიდა უახლოეს მომავალში“, – ამბობს გენერალი.

მისი თქმით, ბრძოლის ველზე დიდ გავლენას იქონიებს მოახლოებული ზამთარი. გენერალი ბარონსი აღნიშნავს, რომ ოქტომბერში ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი, რაც ნიშნავს, რომ ტანკების და სხვა ტიპის მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შენელდება და გართულდება:

„როდესაც აცივდება, ველზე ცხოვრებაც გართულდება. დღის შემცირება კი იმგვარი დრონების გამოყენებას შეზღუდავს, რომელიც ღამის ხედვის მოწყობილობებით აღჭურვილი არაა. ამინდი ყველაფერს შეანელებს, თუმცა ომი მხოლოდ სიცივის გამო არ დასრულდება“, – აცხადებს გენერალი.

ბრიტანელი გენერალი აღნიშნავს, რომ ახლა მთავარი კითხვაა, შეძლებს თუ არა უკრაინა წინსვლის გაგრძელებას ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებზე. რაც შეეხება ე.წ. რეფერენდუმებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმართება, გენერალი აღნიშნავს, რომ ამას გავლენა არ უნდა ჰქონდეს დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი