ახალი ამბები

NDI საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

6 მაისი, 2010 • • 1468
NDI საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები ჟურნალისტებს დღეს NDI-ის დირექტორმა ლუის ნავარომ გააცნო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მსოფლიოს ყველა რეგიონში დემოკრატიის განმტკიცებისათვის, პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებისათვის მუშაობს. NDI-ის დაკვეთით, კვლევაზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) იმუშავა. საჭირო ფინანსები კი შვედეთის განვითარების სააგენტომ (SIDA) გამოყო.

კვლევის მიხედვით, საქართველოში დასაქმების საკითხი ყველაზე პრობლემურია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 59%. რესპონდენტთა 55% პოლიტიკოსების მუშაობას ამ კუთხით ნეგატიურად აფასებს. 70 % კი ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიებმა განსაკუთრებული ყურადღება სწორედ დასაქმების თემას უნდა დაუთმონ.

კვლევა, ასევე, აფასებს მოსახლეობის დამოკიდებულებას საარჩევნო პროცესის მიმართ. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო ,,სწორი” ან ,,ძირითადად სწორი” მიმართულებით ვითარდება. ლუის ნავარო აცხადებს, რომ ამ შეფასებაზე დაყრდნობით, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების წინ, პოლიტიკური გარემო ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ახალი პოლიტიკური არხის (მეორე არხის) ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობასა და ამ არხის მიერ პოლიტიკური ღონისძიებების გადაცემას.

NDI-იმ, ასევე, გამოიკვლია საზოგადოებრივი აზრი ტელეკომპანია ,,იმედის” ,,სპეციალური რეპორტაჟთან” დაკავშირებით. გამოკითხულთა 68 %-მა დაიჯერა ,,იმედის” იმიტირებული გამოშვება, 84 %-ზე გადაცემამ უარყოფითად იმოქმედა. შეფასების შკალაზე იმიტირებულ ქრონიკას დადებითად მოსახლეობის 0% აფასებს.

,,მოსახლეობა მოელის, რომ ტელეკომპანია ,,იმედი” პასუხს აგებს საკუთარ ქმედებაზე”, – ამბობს ლუის ნავარო.

კვლევის შედეგების მიხედვით, წინასაარჩვენო პერიოდში ამომრჩევლის 75%, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის სწორად წარმართვის მიზნით, საარჩევნო უბნებზე სამეთვალყურეო კამერების მობილიზებას ემხრობა.

 

,,ეს კვლევა მოსახლეობის საჭიროებებსა და პრობლემებს ასახავს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ხელისუფლებას ეს ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ მათ მოძებნონ გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად. კვლევა, ასევე, ტარდება იმისათვის, რომ შეფასდეს მოქალაქეების დამოკიდებულება დემოკრატიული პროცესების მიმართ”, – აცხადებს NDI-ის დირექტორი, ლუის ნავარო.

კვლევა პოლიტიკოსების მოსახლეობასთან ურთიერთობის, საარჩევნო პროცესის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების, საგარეო პოლიტიკისა და მედიის საქმიანობის საკითხებსაც მოიცავს. ის 2010 წელს, 11-26 აპრილს, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირდაპირი ინტერვიუს წესით 2,378 რესპონდენტი გამოიკითხა.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი