ახალი ამბები

მოცარტი და ორი ჰიმნი აღლუმზე

6 მაისი, 2010 • • 1208
მოცარტი და ორი ჰიმნი აღლუმზე

მიხეილ სააკაშვილმა, მოცარტის მუსიკის და ვერტმფრენების ხმის ფონზე,  ქართულ პოლიციას პოლიციის დღე მიულოცა. თუმცა, ვანო მერაბიშვილს, მისივე ინიციატივით დადგენილ პოლიციის დღესთან დაკავშირებულ აღლუმზე, სიტყვა არ წარმოუთქვამს.

”გილოცავთ პოლიციის დღეს”- ულოცავს მიხეილ სააკაშვილი პოლიციის ქვედანაყოფებებს.

”ვაშა, ვაშა!”- ისმის ქვედანაყოფების შემართებული პასუხი.

ორკესტრმა, ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით,  კლასიკური მუსიკა, შემდეგ კი საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ვარდების რევოლუციაზე, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ის დრო გაიხსენა, როცა „ამ ტერიტორიიდან (იგულისხმება შსს–ს დღევანდელი ტერიტორია) მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თვითონ აცილებდა ქართული მაფიის ბოსებს.“

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნით წინ „ბავშვები კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდნენ,“ ახლა კი– „პოლიციელობაზე ოცნებობენ”.

პრეზიდენტის თქმით, დღეს მშობლები მშვიდად უშვებენ შვილებს ქუჩასა და სკოლაში.  მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ თავისი როლი შეასრულა მშვიდობის დამყარებაში.

სააკაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს. მისი თქმით, იყო შეცდომების დროც, როცა საზოგადოებამ სამართლიანად გააკრიტიკა პოლიცია, თუმცა იყო უსამართლო ცილისწამებებიც.

დღეს, „საბჭოთა პოლიციის ფორმა ქართული პოლიციის ხუთჯვრიანმა ფორმამ ჩაანაცვლა,“ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჯერ კიდევ დარჩა საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, რომელიც ისევ ცდილობს „თავის გამოყოფას.“ თუმცა, სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული პოლიცია ამას საკადრის პასუხს გასცემს.

შემდეგ პრეზიდენტმა ჩამოთვალა ომში დაღუპულ პოლიციელთა სია და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

სააკაშვილის სიტყვის დასრულების შემდეგ, ძველი ქართული ჰიმნი –„ჩემო კარგო ქვეყანავ,“გაისმა, რომელსაც მოცარტის სიმფონია მოჰყვა.

პოლიციის გამჭვირვალე შენობასთან მყოფი შსს ქვედანაყოფები, ისევე როგორც ოფიციალური პირები, 12:30 წუთზე დაიშალნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი