ახალი ამბები

63 წლის დიაბეტის მქონე პენსიონერი რუსეთმა ომში გაიწვია – მედია

23 სექტემბერი, 2022 • 647
63 წლის დიაბეტის მქონე პენსიონერი რუსეთმა ომში გაიწვია – მედია

რუსული ოპოზიციური მედია „ბაზას“ ინფორმაციით, ვოლგოგრადის რეგიონში “ნაწილობრივი მობილიზაციის” ფარგლებში გაწვევა 63 წლის პენსიონერს მიუვიდა, რომელსაც დიაბეტი და ცერებრალური იშემია აქვს.

გამოცემა წერს, რომ დაავადებების მიუხედავად, კაცს მობილიზაციის ფარგლებში უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მაინც უპირებენ. მედიის ცნობით, ალექსანდერ ერმოლაევი რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკია, რომელიც პენსიაში გასვლამდე ლოჯისტიკის დანაყოფში მეთაურის მოადგილედ მუშაობდა და ქარხანაში საქმიანობდა, რომლის ფუნქციაც ქიმიური იარაღის განადგურება იყო.

„ბაზას“ მიხედვით, მას გაწვევის ცნობა 22 სექტემბერს, დილის 6:00 საათზე მიუტანეს. აღნიშნულის შემდეგ კაცი სამედიცინო შემოწმებისთვის წაიყვანეს. გამოცემა წერს, რომ მასთან ერთად მყოფი 9 ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებლად გამოაცხადეს, ერმოლაევს კი ექიმმა უთხრა, რომ „ფრონტზე წასვლა შეეძლო“, მიუხედავად დიაბეტისა და იშემიისა.

სამედიცინო შემოწმების გასვლისთანავე პენსიონერი სოფელ ნოვი როგაჩიკში საწვრთნელ ბაზაზე წაიყვანეს, სადაც ორკვირიანი მომზადება უნდა გაიაროს, შემდეგ უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნიან.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ ვიცე-პოლკოვნიკებს შორის მხოლოდ 55 წლამდე ასაკის პირების მობილიზება მოხდებოდა, 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში კი მხოლოდ მაღალი რანგის ოფიცრების გაწვევას გეგმავდნენ.

კრემლმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, პირები, რომელთაც რუსულ არმიაში უმსახურიათ, უკრაინაში ბრძოლის ველზე აღმოჩნდებიან.

სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების გადაწყვეტილება კრემლში მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსულმა არმიამ ხარკოვის ოლქში დათმო ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი