ახალი ამბები

ვიმედოვნებთ, საქართველო რუსეთსა და ბელარუსში ჩაგვრას გამოქცეულებს კვლავ მიიღებს — დეგნანი

22 სექტემბერი, 2022 • 758
ვიმედოვნებთ, საქართველო რუსეთსა და ბელარუსში ჩაგვრას გამოქცეულებს კვლავ მიიღებს — დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი წერს, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს, ერთი მხრივ, უკრაინაში რუსეთის აგრესიას გამოქცეული დევნილების, მეორე მხრივ კი რუსეთსა და ბელარუსში ხელისუფლების ზეწოლას გამოქცეული პირების მიღება.

22 სექტემბერს კავკასიის საკითხებზე მომუშავე გამოცემა OC Media-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრების სვეტში ელჩი დეგნანი აღწერს, რა დანაშაულებს სჩადის რუსეთის არმია და რუსეთის ხელისუფლება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ;

ის ასევე წერს, რომ რუსეთის რეპრესიებს გამოქცეული ადამიანები საქართველოში თბილად მიიღეს – „სამოქალაქო საზოგადოების წინამღძოლობით, ქართველები გაერთიანდნენ და უპასუხეს [მსოფლიოს] მოწოდებას და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიეს [უკრაინელებს]“.

„ჩვენ ვაფასებთ ქართველ ხალხს, რომელთაც თანაგრძნობა და გულუხვი მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ, ვინც ძალადობისგან თავშესაფარს ეძებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ იქნება თავშესაფარი მათთვის, ვინც გამოურბის ომს უკრაინაში, ისევე როგორც მათთვის, ვინც გამოურბის ჩაგვრას რუსეთსა და ბელარუსში. არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საქართველოზე უკეთ გაიგებს მათ ტანჯვას. ჩვენ ერთად ვდგავართ – ძალა ერთობაშია“, – წერს ელჩი დეგნანი.


უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის შემდეგ, ათასობით უკრაინელი ლტოლვილი, გარდა სხვა ქვეყნებისა, საქართველოშიც ჩამოვიდა. არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ კერძო კომპანიამ დაიწყო ლტოლვილების დახმარება. ამასთან, საქართველოდან უკრაინაში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

რუსეთისთვისა და ბელარუსისთვის სანქციების დაწესების ფონზე, საქართველოში ასევე შემოვიდნენ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებიც, რამაც საქართველოს საზოგადოების ნაწილში სხვადასხვა მიზეზით შეშფოთება გამოიწვია.

პარალელურად, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამ ორი ქვეყნიდან ოპოზიციონერები/ჟურნალისტები არ შემოუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი