შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცეს.
„დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად 26 ტონა უსაფრთხოების დახმარება გადავეცით. ეს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს თავის სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოს“, – იუწყება საელჩო.
2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს 35 მილიონ დოლარს გამოუყოფდა თავდაცვის გაძლიერების მიზნით. ეს აშშ-ის მხრიდან უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ გამოყოფილი მორიგი სამხერდო დახმარების ნაწილია.
„საქართველო მიიღებს $35 მილიონს, რაშიც შედის ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა“, — აცხადებდნენ მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტში.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოს აშშ-ისგან 28 წლის განმავლობაში მიღებული ჰქონდა 4.35 მლრდ აშშ დოლარი.
