ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია პარალიზებულია, ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობის გამო, რომლებიც დღეს, დილის 10 საათზე, შეიკრიბნენ.
მხარდამჭერების ნაწილი სამი დიდი ავტობუსით არიs მოსული. ისმის 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების საპროტესტო შეძახილები.
მათ მოპირდაპირე მხარეს კი შსს-ს ქვედანაყოფია მობილიზებული. ორ მხარეს შორის, ამჯერად, კავშირი არ არის, რადგან მათ შორის ყვითელი, ბოგდანის ტიპის ავტობუსებია გახერგილი.
”ჩვენ ყველანაირად გავუწევთ წინააღმდეგობას”,-ამბობს ლევან როინიშვილი ეროვნული საბჭოდან.
დღეს ოპოზიციის ნაწილი და მათი მხარდამჭერები რიყიდან ავტომობილების და ავტობუსების კოლონით ვარკეთილის მეტროს მიმართულებით დაიძრნენ. ისინი პოლიციის დღის აღნიშვნას აპროტესტებენ.
დღეს 4 ათასამდე შსს–ს თანამშრომელი ამ დღის აღსანიშნავ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას.
აღლუმის გამო, დღის პირველ საათამდე, მოძრაობა გადაკეტილია, თუმცა ოპოზიცია შემოვლითი გზით აპირებს შსს შენობასთან მისვლას.