ახალი ამბები

„დანაშაული ჩაიდინეს უკრინის წინააღმდეგ და ჩვენ ვითხოვთ სასჯელს“ – ზელენკის მიმართვა UN-ს

22 სექტემბერი, 2022 • 605
„დანაშაული ჩაიდინეს უკრინის წინააღმდეგ და ჩვენ ვითხოვთ სასჯელს“ – ზელენკის მიმართვა UN-ს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სიტყვით მიმართა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა მოსკოვისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ჩამორთმევისკენ. ზელენსკიმ გაეროს ასევე მიმართა და მოითხოვა რუსეთისთვის ხმის და დელეგაციისთვის უფლებების ჩამორთმევა:

„დანაშაული მოხდა უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენ მოვითხოვთ სამართლის აღსრულებას. დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი სახელმწიფო საზღვრების და ჩვენი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჩაიდინეს ჩვენი ქალების და კაცების ღირსების წინააღმდეგ; დანაშაული ჩაიდინეს იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რაც მე და თქვენ გაერთიანებული ერების საზოგადოებად გვაქცევს.

უკრაინა ითხოვს სასჯელს ჩვენი ტერიტორიის მიტაცების მცდელობისთვის, სასჯელს ათასობით ადამიანის მკვლელობისთვის, წამებისა და დამცირებისთვის. სასჯელს რყევებისთვის, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ სამყაროში, ყველა ერის წინააღმდეგ, რომელიც ამ დარბაზშია წარმოდგენილი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოს, და ერთადერთი აქტორი, რომელსაც ომი უნდა, რუსეთია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ნეიტრალიტეტის ცნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დკავშირებით და აღნიშნა, რომ ინდიფერენტულობა ისაა, რაც ომისთვის პირობებს ქმნის.

უკრაინის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კრემლთან მოლაპარაკებების წინა მცდელობებმა წარუმატებლად ჩაიარა. მისივე თქმით, სხვადასხვა ფორმატში ქვეყნების წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების 88 რაუნდი გამართეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას მეგობარ სახელმწიფოებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერისკენ და სამხედრო დახმარებისკენ. მისი თქმით, „მშვიდობის ფორმულა“ ხუთი კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, რუსეთის დასჯა სანქციებისა და დიპლომატიური იზოლაციის გზით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უსაფრთხოების გარანტიები და ადამიანების სიცოცხლის დაცვა დაასახელა:

„ჩვენთვის ეს სიცოცხლისთვის ბრძოლაა, ამიტომაც გვჭირდება იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა თავდაცვისთვის. გვჭირდება შორი მანძილის შეიარაღება საკუთარი მიწის გასათავისუფლებლად და თავდაცვის სისტემები, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის. ასევე გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, რომ შევინარჩუნოთ შიდა სტაბილურობა და უზრუნველვყოთ ის სოციალური ვალდებულებები, რომელიც ჩვენი ხალხის წინაშე გვაქვს ნაკისრი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი