ახალი ამბები

ლატვია უარს ამბობს მობილიზაციის თავიდან ასარიდებლად რუსებისთვის ვიზების მინიჭებაზე

21 სექტემბერი, 2022 • 606
ლატვია უარს ამბობს მობილიზაციის თავიდან ასარიდებლად რუსებისთვის ვიზების მინიჭებაზე

ლატვია ჰუმანიტარულ ვიზებს არ მიანიჭებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, მობილიზაციას თავი აარიდონ. ამასთან, ქვეყნის საზღვარზე არც რუსეთის იმ მოქალაქეებს შეუშვებენ, რომლებსაც უკვე აქვთ შენგენის ვიზა. როგორც Настоящее Время წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილებას „უსაფრთხოების საკითხები“ უდევს საფუძვლად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 19 სექტემბერს ლიეტუვამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ესტონეთმა განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც შენგენის ვიზა ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებში აქვთ მიღებული, საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვებდნენ. Настоящее Время-ს ინფორმაციით, რუსეთიდან ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ფინეთიდან არის შესაძლებელი.

დღეს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამისი ბრძანება კრემლის ვებსაიტზეც აიტვირთა. პუტინის ვიდეომიმართვის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ გაწვევა 300 000 ადამიანს შეეხება. ერთი დღით ადრე კი სახელმწიფო დუმამ ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც, ბრძოლაზე უარის თქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისგების საკითხი გახდება.

სექტემბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთთან ვიზების გაცემის გამარტივებული პროცედურების შესახებ შეთანხმება შეეჩერებინათ. აღნიშნულის გამო ვიზის მისაღებად მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზარდა, ამასთან, საჭირო გახდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და გაიზარდა ვიზის გაცემის დრო.

Настоящее Время აღნიშნავს, რომ ევროკომისიამ გამოსცა რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მინიჭების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირებს, რომლებსაც ევროკავშირში მოგზაურობის სერიოზული მიზეზი არ გააჩნიათ, დაბალი პრიორიტეტი მიენიჭებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი