ახალი ამბები

იზიუმში წამებით მოკლული ჯარისკაცი, ლურჯ-ყვითელი სამაჯურით, ცოლმა ამოიცნო – მედია

20 სექტემბერი, 2022 • 1144
იზიუმში წამებით მოკლული ჯარისკაცი, ლურჯ-ყვითელი სამაჯურით, ცოლმა ამოიცნო – მედია

იზიუმში წამებით მოკლული ჯარისკაცი, ლურჯ-ყვითელი სამაჯურით, ცოლმა ამოიცნო. ინფორმაციას ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილი სერგეი სოვაა ნიკოპოლიდან.

დნიპროპეტროვსკის რეგიონული საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, კაცი მისმა ცოლმა ოქსანა სოვამ სხეულზე არსებული ტატუთი ამოიცნო. დაღუპული 36 წლის იყო და უკრაინის 93-ე ბრიგადაში ირიცხებოდა:

„ცნობილი გახდა, რომ იზიუმში ნაპოვნი ჯარისკაცის ხელი, ლურჯ-ყვითელი ბრასლეტით, ნიკოპოლელი ჯარისკაცის სხეულის ფრაგმენტია. ექსჰუმაციის პროცედურისას გადღებული ეს ფოტო მთელ მსოფლიოში გავრცელდა“, – წერს დნიპროპეტროვსკის რეგიონული საინფორმაციო ცენტრი.

რუსეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს.

როგორც ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი სერგეი ბოლვინოვი აცხადებს, მასობრივ სამარხში 440-ზე მეტი საფლავია. მისივე თქმით, ცხედრები ცალ-ცალკეა დაკრძალული.

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი დახვრეტილია, ზოგი დაიღუპა საარტილერიო ცეცხლის შედეგად მიღებული დაზიანებებით, ზოგი -საჰაერო თავდასხმის დროს. ბევრი ცხედარი იდენტიფიცირებული ჯერ კიდევ არ არის, ამიტომ გამოძიებისას დადგინდება დაღუპვის მიზეზი“, — განაცხადა ბოლვინოვმა.

როგორც ბოლვინოვმა აღნიშნა, ყველა ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდება და სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზაზე გაიგზავნება. იზიუმის ტყეში არსებული მასობრივი სამარხის ფოტოები ტელეკომპანია Present Time-მა გამოაქვეყნა. ამასთან, კომისარმა ოლეგ კოტენკომ Current Time-ს ფოტოების ავთენტურობა დაუდასტურა. მისი თქმით, იზიუმში აღნიშნული დაკრძალვიდან ვიდეო რუსმა ოკუპანტებმა თავად გამოაქვეყნეს და ამიტომ უკრაინული ძალები მას ეძებდნენ.

სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის რეგიონში უკრაინელებმა კონტრშეტევა დაიწყეს. უკრაინის ჯარებმა 10 სექტემბერს რუსებისაგან გაათავისუფლეს კუპიანსკი და ბალაკლია, იმავე დღეს რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს იზიუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი