ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელოგოროვკაზე სრული კონტროლი აღადგინეს. როგორც გუბერნატორი ამბობს, ტერიტორია ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია:
„იყავით მომთმენნი და ელოდეთ ფართომასშტაბიან დეოკუპაციას ლუგანსკის რეგიონში“, – წერს გაიდაი საკუთარ ტელეგრამ არხზე.
ამასთან, გუბერნატორი აღნიშნავს, რომ ლუგანსკის რეგიონის დეოკუპაცია გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ეს იყო ხარკოვის შემთხვევაში:
„მოულოდნელობის ეფექტი აღარ იარსებებს. ისინი, ვინც ხარკოვიდან გაიქცნენ, ახლა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში არიან, თხრიან სანგრებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა თავდაცვითი კონსტრუქციები ააგონ. პროცესი იმაზე რთული იქნება, ვიდრე ხარკოვის რეგიონში იყო. ყოველი სანტიმეტრისთვის ლუგანსკის მიწაზე რთული ბრძოლა გველის. მტერი თავდაცვისთვის ემზადება, ასე რომ, იქ მარშით ვერ შევალთ“ ,- აცხადებს სერგეი გაიდაი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის ჯარებმა დაიკავეს უკრაინის რამდენიმე რეგიონი, თუმცა აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.
18 სექტემბერს “ომის კვლევის ინსტიტუტმა” თქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, რუსული ძალები უკრაინული კონტრშეტევისგან თავდაცვის ნაცვლად, „უაზროდ“ უტევენ დასახლებულ პუნქტებს ქალაქების — დონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით.
ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც უკრაინამ მიმდინარე თვეში დაიბრუნა, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმია. იქიდან რუსეთის ძალების გასვლის შემდეგ აღმოაჩინეს არაერთი სამარხი, სადაც ნაწამები და მოკლული უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს მიაკვლიეს.