2022 წელს, იანვარ-აგვისტოში, წინასწარი მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 36.6%-ით გაიზარდა და 11.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაქრთველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

საქსტატის თანახმად, მათ შორის ექსპორტი 36.9%-ით გაიზარდა და 3.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5%-ით გაიზარდა და 8.36 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

ამასთან, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4.79 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც არის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2%.

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტის 44.7% დსთ-ის ქვეყნებში, 15.9% – ევროკავშირის ქვეყნებში, 39.4% კი დანარჩენ ქვეყნებში განხორციელდა.

მათ შორის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყნები იყო ჩინეთი [502.6 მლნ აშშ დოლარი], აზერბაიჯანი [421.5 მლნ აშშ დოლარი] და რუსეთი [409.3 მლნ აშშ დოლარი].

აღნიშნულ პერიოდში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებს და კონცენტრატებს ეკავა [683.8 მლნ აშშ დოლარი], რაც მთლიანი ქესპორტის 19.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე, 13.7%-იანი წილით არის მსუბუქი ავტომობილები [490.9 მლნ აშშ დოლარი], მესამე ადგილზე კი 10.4%-იანი წილით – ფეროშენადნობები [371.6 მლნ აშშ დოლარი].

რაც შეეხება იმპორტს, მთლიანი იმპორტიდან დსთ-ის ქვეყნების წილი 27.3%-ია, ევროკავშირის ქვეყნების – 22.2%, დანარჩენი ქვეყნების კი – 50.5%. უმსხვლისესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტმა 940.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.2% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 872.7 მლნ აშშ დოლარით [იმპორტის 10.4 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 531.4 მლნ აშშ დოლარით [იმპორტის 6.4 პროცენტი].

 

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს [ექსპორტი რეექსპორტის გარეშე], საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექპორტის მოცულობამ 3.57 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36.9%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 69.6%-ს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.2%-ით მეტია.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: ჩინეთი [472.2 მლნ აშშ დოლარი], რუსეთი [350.6 მლნ აშშ დოლარი] და თურქეთი [295.6 მლნ აშშ დოლარი].

ამასთან, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე 27.5%-იანი წილით სპილენძის მადნები და კონცენტრატებია [683.8 მლნ აშშ დოლარი], მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები – მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი [365.1 მლნ აშშ დოლარი], მესამე ადგილზე კი აზოტოვანი სასუქები – 7.7% [192.7 მლნ აშშ დოლარი].