ახალი ამბები

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები მშკ-სგან

4 მაისი, 2010 • • 1452
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები მშკ-სგან


ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, დღეს იმ ადამიანების მიერ გამართულ აქციაზე მივიდა, რომელიც გუშინ გამართული აქციის მიზეზს აპროტესტებდა.

ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია ხალხით არის სავსე. ნეტგაზეთის ჟურნალისტი, ნინო ძანძავა, ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტრო აქციის დასაგმობად შეიკრიბნენ, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. აგრესია კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატება. მაგალითად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თეოლოგ ბექა მინდიაშვილს, სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელს. სიმონ ჯანაშია, ილია უნივერსიტეტის პროფესორი და განათლების სპეციალისტი უცენზურო სიტყვებით გალანძღეს.

”წადით თქვენ, მამათმავლებო”,- ეს ის სიტყვებია, რომელსაც მშკ და მისი მხარდამჭერები ყველაზე ხშირად იმეორებენ.

გუშინ, დილის 11 საათზე, ილიას უნივერსიტეტში, მშკ-მ და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საპროტესტო აქცია გამართეს, რომელზეც უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადაყენებას მოითხოვდნენ. მიზეზი კი მათი თქმით, ერთი მხრივ ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციაა,რომელიც უნივერსიტეტში რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მეორე მიზეზი სამლოცველოს გახსნაზე მიღებული უარია.

დღეს, საღამოს ექვს საათზე ერეკლე დეისაძის და უნივერსიტეტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი, ახლა უკვე დაშლილია, იმ აგრესიის გამო, რომელიც აქციაზე გამოვლინდა.  ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მისული.

     
     
     
     

მასალების გადაბეჭდვის წესი