ახალი ამბებისამართალი

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

16 სექტემბერი, 2022 •
ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორსული მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 დეკემბერს თბილისში, საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა ორსულ მეუღლეს, დანის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფაქტზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს. ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ძალადობის პირველივე შემთხვევის შესახებ შეტყობინება, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან ავიცილოთ მძიმე დანაშაული”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი