ახალი ამბები

საქართველოში მაუწყებლობს არხი, რომელსაც სანქცირებული Первый канал აფინანსებს

16 სექტემბერი, 2022 • 1684
საქართველოში მაუწყებლობს არხი, რომელსაც სანქცირებული Первый канал აფინანსებს

საქართველოში მოქმედი ერთ-ერთ ტელეკომპანიას აფინანსებს რუსეთის პირველი არხი (Первый канал), რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქცირებულთა სიაშია.

ტელეარხის ბრენდული სახელწოდებაა „1 გასართობი“, კომპანიის დასახელება კი არის შ.პ.ს. „რ.ბ.ჯ“.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა კომუნიკაციების კომისიის გამოქვეყნებულ ფინანსურ მონაცემებზე დაყრდნობით.

რუსეთის პირველ არხს მხოლოდ 2022 წლის პირველ კვარტალში რეკლამის სახით 100 000-დან 500 000 ლარამდე თანხა აქვს მიღებული (ზუსტი თანხა დაკონკრეტებული არ არის, ზოგადად, საჯაროვდება 7 000 ლარზე მეტი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია).

ტელეარხს 2021 წელსაც ამ შუალედში აქვს მიღებული დაფინანსება იმავე წყაროსაგან.

გასართობი არხი 2015 წლიდან მაუწყებლობს. კომპანია ფლობს ტელემაუწყებლობის, კერძო, სპეციალიზებული მაუწყებლობის ავტორიზაციას, ქართულ ენაზე, კინოსერიალებისა და გასართობი გადაცემების თემატიკით.

რუსეთის პირველი არხი შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული 2022 წლის 8 მაისიდან, რადგან რუსეთის მთავრობის საკუთრებას წარმოადგენს და უკრაინაში შეჭრაზე რუსეთის მთავრობის პროპაგანდას ავრცელებდა.

ისტორია

2015 წელს ამ არხს რუსეთის პირველი არხის რეტრანსლილების მცდელობა ჰქონდა.

კერძოდ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI-ის) ცნობით, 2015 წლის 26 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ ამ კომპანიას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე OPT-ს რეტრანსლირებას ახდენდა, რეგულაციის წესების დარღვევისათვის მაუწყებლობა აუკრძალა და 2,500 ლარით დააჯარიმა.

მანამდე, 2015 წლის ივნისში, ამავე კომპანიას OPT-ის გადაცემების რუსულ ენაზე გაშვებისათვის კომისიამ გაფრთხილება მისცა და დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაავალა. მიღებული გაფრთხილების შემდეგ შპს „რ.ბ.ჯ“-მ ქართულ ენაზე ნათარგმნი OPT-ს გასართობი გადაცემების გაშვება დაიწყო OPT-ის ლოგოთი „სტერეო +“-ის ეთერში.

2022 წლის მარტში IDFI-ს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ეთერში ძირითადად რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORT) გადაცემების ქართულ თარგმანს უშვებს.

საქართველოში 2015 წელს დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქე ოლგა მილიევა (90%) და საქართველოს მოქალაქე ირაკლი ადამია (10%) არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი