2010 წელს უკვე მეოთხედ იგზავნება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაფრთხილება ამერიკის მოქალაქეებისთვის, თუმცა გამოხმაურება მას მხოლოდ დღეს მოყვა.
განცხადება, ანუ Travel Warning ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გავრცელდა 3 მაისს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია ამერიკის საელჩოს ვებ–გვერდს საქართველოში (როგორც საელჩოში განმარტავენ, ტექნიკური მიზეზების გამო).
იგივე სახის ტექსტი საქართველოს მიმართ გამოქვეყნდა 9 აპრილსაც, მარტშიც ,თებერვალშიც. მაისის ტექსტი სიმწვავით არ აღემატება არც ერთ წინამორბედს, პირიქით – ყველა ტექსტი ანალოგიურია.
ასეთი სახის განცხადებების გავრცელება, ანუ Travel Warning–ის გაგზავნა ჩვეულებრივი მეთოდია ისეთი ქვეყნებში, სადაც კონფლიქტების მეტ–ნაკლები რისკი არსებობს – ერაყი, ავღანეთი, მექსიკა, აფრიკა. Travel Warning –ში, ასევე, მითითებულია ამ ქვეყნების შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, როგორია კრიმინალის დონე ქვეყანაში, მონაცემები ჯანდაცვის შესახებ, ინფორმაცია ბავშვების გატაცების და ავიაციის უსაფრთხოების შესახებ და ასე შემდეგ.
საქართველოს მიმართ გამოგზავნილ Travel Warning –ში წერია, რომ „ამერიკის მოქალაქეებს სთხოვენ, არ იმოგზაურონ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში და გაითვალისწინონ, რომ არსებობს სროლის პოტენციური შესაძლებლობა, კრიმინალის მზარდი და ძალადობის პოტენციურ რისკი ხსენებულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.“
საელჩოში აცხადებენ, რომ ეს „არანაირად არ უკავშირდება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს და არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ან ამერიკის საელჩო ელოდება რაიმე ფორმის ესკალაციას.“
დღეს საელჩომ რამდენიმე ზარი მიიღო ამასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა, საელჩოსავე განცხადებით, „9 აპრილი არავინ შეიმჩნია. არც მარტი, არც თებერვალი.“
მსგავსი Travel Warning განცხადებები ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანეტმა 2010 წელს გაუგზავნა საქართველოს, კონგოს, ირანს, ყირგიზეთს, მექსიკას, ფილიპინებს, ალჟირს და ასე შემდეგ.
Travel Warning–ის განცხადების ტექსტები ქვეყნების მიხედვით გასხვავდება. ზოგი უფრო მწვავეა, იმის მიხედვით, როგორ უყურებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტმანტი ამა თუ იმ ქვეყნის უსაფრთხოებას.
ირანის მიმართ 2010 წლის 23 მარტს გაგზავნილი Travel Warning– ი ბევრად მწვავეა, ვიდრე საქართველოს მიმართ.
ამერიკას ირანში საელჩო არ აქვს, ამიტომ ირანში ამერიკის მოქალაქეებს შვეიცარიის საელჩო იცავს, რომელიც თეირანში მდებარეობს. ამიტომ ამერიკის მთავრობა იმ ამერიკელებს, რომლებიც ირანში ცხოვრობენ, ან ირანში წასვლას აპირებენ, შემდეგს წერს (ნაწყვეტი ტექსტიდან): „ სანამ ირანში მოგზაურობას გადაწყვეტენ, ირანული წარმოშობის ამერიკელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ირანელი ოფიციალური პირებისაგან შეიძლება მიზანში იყვნენ ამოღებულნი. „ ტექსტში, ასევე, მითითებულია, რომ ირანი „რეპრესიებს ახირციელებს“ ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, რაც, ასევე, უნდა გაითვალისწინონ ამერიკის მოქალაქეებმა, თუ ირანში მოგზაურობას გადაწყვეტენ.
„აქ ხაზგასმულია ის, რომ ამერიკის მოქალაქემ თავი უნდა აარიდოს კონფლიქტურ რეგიონებთან სიახლოვეს მოგზაუ
რობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია”, აცხადებენ ამერიკის საელჩოში.