ახალი ამბები

პუტინი მადლობელია უკრაინაზე ჩინეთის „დაბალანსებული პოზიციის“, თუმცა ესმის, რომ კითხვებიც აქვთ

15 სექტემბერი, 2022 • 854
პუტინი მადლობელია უკრაინაზე ჩინეთის „დაბალანსებული პოზიციის“, თუმცა ესმის, რომ კითხვებიც აქვთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრაზე შეაქო ქვეყნის „დაბალანსებული პოლიტიკა“ უკრაინის ომის მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ ესმის, რომ პეკინს აქვს „კითხვები“ უკრაინის „კრიზისთან“ დაკავშირებით:

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ჩინელი მეგობრების დაბალანსებულ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვესმის, რომ მათ აქვთ კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ამ პრობლემის შესახებ დეტალურად მოვუყვებით მათ, თუმცა ამის შესახებ ადრეც გვისაუბრია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

როგორც CNN აღნიშნავს, პუტინმა აღნიშნული კომენტარი უზბეკეთში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრისას გააკეთა. გამოცემა აღნიშნავს, რომ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინული ჯარის მნიშვნელოვანი წინსვლა რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთი ამ დრომდე უარს ამბობს, დაგმოს უკრაინაში არაპროვოცირებული ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთთან თანამშრომლობენ, რათა გაზარდონ ერთმანეთის საკვანძო ინტერესების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აფასებს რუსეთის ერთგულებას „ერთიანი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ და განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.

CNN-ის თქმით, ავტორიტარი ლიდერები წლების განმავლობაში ახლო პარტნიორობას ინარჩუნებენ დასავლეთთან მზარდი კონფლიქტის ფონზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს ტაქტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა მაშინ, როცა რუსეთმა თავის მხრივ მხარი დაუჭირა პეკინს და ვაშინგტონი გააკრიტიკა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი