კიევის ცნობით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინაში, ქალაქ კრივი რიჰში (კრივოი როგში) მდებარე კაშხალი დაზიანდა და ახლომდებარე სახლების ნაწილი დატბორა. მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ, – რომელიც სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული, – კარაჩუნივსკეს რეზერვუარზე თავდასხმის შემდეგ რუსეთი კვლავ მოიხსენია „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ და განაცხადა, რომ ამ თავდასხმის მიზანი მოსახლეობაში შიშის დათესვა იყო.

„თქვენ ხართ სისუსტის განსახიერება. სამოქალაქო პირებს ებრძვით. თქვენ ხართ ბრძოლის ველიდან გაქცეული ნაძირლები, რომლებსაც ისღა დაგრჩენიათ, სადღაც შორს დააზიანოთ რაიმე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმითვე, რეზერვუარს „არანაირი სამხედრო ღირებულება არ აქვს“.

ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვილკულის თანახმად, რეზერვუარმა ორი ძლიერი დარტყმა მიიღო, რის შედეგადაც კაშხალი დაზიანდა, წყალი გადმოვიდა და მდინარე ინგულეცის (იგივე პატარა ინგულის) სანაპირო ზოლი, ასევე, იქ მდებარე სახლების ნაწილი დატბორა.

მოსკოვში ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.