ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელი.
გამოძიების ვერსიით, სააგენტოს თანამშრომელმა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, „მის სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ მოპოვებისა და გატანის სანაცვლოდ“, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.
საგამოძიებო სამსახურის თანახმად, იგი სწორედ ამ დროს დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების მუხლით (სსკ 338-ე) მიმდინარეობს და ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.