ახალი ამბები

საზოგადოებრივი სამუშაოებით 60 ათასი ადამიანი დაინტერესდა, თუმცა საბოლოო თანხმობა 22 ათასმა განაცხადა

14 სექტემბერი, 2022 • 817
საზოგადოებრივი სამუშაოებით 60 ათასი ადამიანი დაინტერესდა, თუმცა საბოლოო თანხმობა 22 ათასმა განაცხადა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით,  საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით 22 ათასი მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ მან პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველი მარტიდან დაიწყო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი სამუშაოების მიმართ დაინტერესება 60 ათასმა მოქალაქემ გამოხატა, თუმცა  დასაქმების სააგენტოს და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან პირველადი კონსულტაციის შემდეგ დაახლოებით 22-23 ათასმა მოქალაქემ საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვაზე უარი განაცხადა.

„მოქალაქეების ნაწილმა აირჩია არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება, ხოლო 22 ათასი მოქალაქე დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებში“, – განაცხადა ბარკალაიამ და დასძინა, რომ 22 ათასი მოქალაქიდან დაახლოებით 21 ათასი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე დასაქმდა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის წარმართვა მუნიციპალიტეტების მიერ ხდება.

„ძირითადი აქტივობები არის სკვერების, არხების, გზების, შენობების დალაგება, განახლება, მცირედი სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ბარკალაიამ.


დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი დახმარება.

მთავრობის თანახმად, 4 წლის განმავლობაში პროგრამაში ჩართული პირის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი არ გადამოწმდება. 50 000 დასაქმებული პირველ ეტაპზე მიიღებს ყოველთვიურად დარიცხულ შემწეობას, პლუს  300 ლარს გარკვეულ სამუშაოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი