ახალი ამბები

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 480 მილიონით იზრდება – კოვზანაძე

14 სექტემბერი, 2022 • 622
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 480 მილიონით იზრდება – კოვზანაძე

პარლამენტი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს.

როგორც დღეს, 14 სექტემბერს, გამართულ ბიუროს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 480 მილიონით იზრდება. მისი თქმით, მათ შორის, სამინისტროების ბიუჯეტი შემდეგნაირად გაიზრდება:

  • თავდაცვის სამინისტრო – 80 მილიონით
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 150 მილიონით
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 70 მილიონით
  • ჯანდაცვის სამინისტრო – 210 მილიონით
  • იუსტიციის სამინისტრო – 10 მილიონით
  • კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 43 მილიონით
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 80 მილიონით.

ამასთან, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,  ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მათი პროგნოზი ახდა და მშპ-ს მაჩვენებელი 6%-ის ნაცვლად 8,5%-მდე გაიზრდება.

მისივე თქმით, დაახლოებით 700 მილიონით შემცირდება მთავრობის ვალიც.

„მაკროეკონომიკურ ნაწილში მნიშვნელოვნად მცირდება დეფიციტი. დღეს ჩვენ ვმუშაობთ 4.4%-იანი დეფიციტის პირობებში. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიუჯეტის პროექტში სწორედ არის დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება 4.4 %-დან 3.2%-მდე. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ გავლენას მოახდენს ინფლაციაზე და ლარის კურსის სტაბილურობაზე. სახელმწიფო ვალიც მნიშვნელოვნად მცირდება და ჩამოდის 39.6 %-ზე

მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებულია, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ნაკლებ ვალს ავიღებთ. დაახლოებით 700-710 მილიონით მოხდება ვალის შემცირება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, მაკროეკონომიკური და მონეტარული თვალსაზრისით უკეთესი ბიუჯეტი გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი