ახალი ამბები

ადიგენის სოფელ უნწაში კათოლიკეები სამლოცველო ადგილის გარეშე დარჩნენ

14 სექტემბერი, 2022 • 970
ადიგენის სოფელ უნწაში კათოლიკეები სამლოცველო ადგილის გარეშე დარჩნენ

საქართველოს კათოლიკური ეკლესიის თანახმად, ადიგენის სოფელ უნწაში კათოლიკე მრევლს ის შენობა დააცლევინეს, სადაც წირვა-ლოცვა აღევლინებოდა.

როგორც ეკლესია თავის მედიაპორტალთან აცხადებს, მიზეზად სახელდება შენობის რეაბილიტაცია და მისი კულტურულ ცენტრად გადაქცევა, თუმცა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ შენობა, რომელსაც, მისი თქმით, მართლმადიდებელი მრევლიც იყენებდა, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და უნდა დაანგრიონ.

ეკლესიის თანახმად, 2006 წელს უნწაში მცხოვრებმა კათოლიკეებმა მღვდელ იეჟი შიმეროვსკის მიმართეს თხოვნით, რომ სოფელში მათთვის ჩატარებულიყო ლიტურგიები. მაშინდელი ადგილობრივი თვითმმართველობის თანხმობით, კათოლიკე სამრევლოს დროებით სარგებლობაში გადაეცა მცირე შენობა.

„ზუსტად 15 წლის განმავლობაში აქ კათოლიკეები აღავლენდნენ წმინდა წირვებს.

2021 წელს უნწის წინამძღვრის, მამა ანდრეი გრაჩიკისა და ვიკარის, მამა ბექა ჩილინგარაშვილის ინიციატივით, სამრევლოში დაიწყო ორატორიუმები ბავშვებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებისათვის ტარდებოდა სხვადასხვა აქტივობა, გასართობი ღონისძიებები, სწავლობდნენ ხელსაქმეს… ორატორიუმის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, ადიგენის მერიამ კათოლიკე ეკლესიას მიმართა, რათა დაეცალათ შენობა, სადაც წმინდა წირვები ტარდებოდა“, – აცხადებს ეკლესია.

ეკლესიის თანახმად, შენობის დაცლიდან დღემდე კათოლიკე ეკლესიამ ადიგენის მერიას რამდენჯერმე მიმართა უნწაში ალტერნატიული ფართის გამოყოფისთვის, თუმცა ამ დრომდე კათოლიკეებს წირვის ჩასატარებელი ადგილი არ აქვთ.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სოფელში მდებარე ფართი მართლაც დაცალა კათოლიკურმა და მართლმადიდებელმა მრევლმა, რადგან ადგილზე კულტურული ცენტრი უნდა მოწყობილიყო, თუმცა სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა იმდენადაა დაზიანებული, რომ შეკეთებას აღარ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს, ხოლო მოგვიანებით ახალი შენობა აშენდეს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მას შემდეგ, რაც ახალი შენობა აშენდება, მიეცემა თუ არა მრევლს წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება, ქიმაძე პასუხობს, რომ შენობა კულტურული დანიშნულებით უნდა გამოიყენონ, მრევლს კი შეუძლია ეკლესია დამოუკიდებლად ააგოს, რაშიც მუნიციპალიტეტიც დაეხმარება.

მისი განცხადებით, ექსპერტიზის შეფასების შემდეგ დადგინდება დემონტაჟის ღირებულება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი დემონტაჟზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი