კრემლის პროპაგანდისტი, რეჟისორი კარენ შახნაზაროვი კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სალავიოვის გადაცემაში აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა აღიაროს ხარკოვში დამარცხება.
მისი განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს დამარცხება და გარკვეული დასკვნები გამოიტანოს, რათა მომავალში კიდევ ერთი მარცხი არ იწვნიოს.
„პირველ რიგში, მოვუწოდებ ყველას, რომ არ აყვნენ პანიკას იმ მარცხის ფონზე, რაც ჩვენ განვიცადეთ ხარკოვთან ახლოს და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ, რადგან დამარცხებას გარკვეული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც მას იაზრებ და დასკვნებს აკეთებ, ხოლო თუ არ იაზრებ, მიიღებ კიდევ ერთ დამარცხებას, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს“, — განაცხადა შახნაზაროვმა.
მისივე განცხადებით, რუსულმა მხარემ ასევე უნდა აღიაროს ის, რომ უკრაინული მხარე ძლიერი მოწინააღმდეგეა და მათ მაღალი საბრძოლო მორალი აქვთ.
გადაცემაში რეჟისორმა ასევე განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, უკრაინელი ერი არსებობს და ანექსიის ნაცვლად, „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ალტერნატიული უკრაინა უნდა შესთავაზოს“.
შახნაზაროვმა ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან, მათ შორის, ღარიბი მოსახლეობა მონაწილეობს, რომლის მთავარი მოტივაციაც ფულია.
რუსულ პროპაგანდისტულ წრეებში ბოლო დღეებში მწიფდება აზრი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ საყოველთაო მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს, თუმცა კრემლი ჯერჯერობით არ იღებს ამ გადაწყვეტილებას.
ხარკოვის ოლქში დამარცხებისა და უკანდახევის შემდეგ, რუსეთი მოლაპარაკებების შესახებაც ალაპარაკდა, თუმცა, უკრაინის თანახმად, სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გაიმართება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინის ტერიტორიას სრულად არ დატოვებს.
