ცხვარიაჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული 8 ადამიანიდან 5 დარბაზიდან გაათავისუფლეს და აღკვეთის სახით გირაო შეუფარდეს. პროცესი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
დარბაზიდან გათავისუფლებულ 3 პირს ბრალად ედება ხულიგნობა, ხოლო ორს – ცრუ ინფორმაციის მიწოდება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. მათ 10 000 – ლარიანი გირაო შეუფარდეს.
„ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მოთხოვნა იყო, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირის მიმართ, ასევე, 2 ბრალდებული პირის მიმართ, რომელთაც ბრალად ედებათ ჯგუფური ხულიგნობა და რომლებიც დღემდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა დარჩენილიყო ძალაში, რაც შეეხება დანარჩენ ხუთ პირს, რომელთაგან 3-ს ბრალად ედება ხულიგნობა, ხოლო ორს- ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობა, მათ გამოძიებასთან ითანამშრომლეს, მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა მოხდა აგარაკის ეზოში, ასევე, მათი ბრალის ნაწილში.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოება ბრალდების მხარის მხრიდანაც იქნა შეფასებული და დაცვის მხარის მოთხოვნას, მათ მიმართ შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიება, ამ პირობით დაეთანხმა“, – ამბობს სხდომის შემდეგ პროკურორი ნიკოლოზ სანიკიძე.
29 ივლისს ცხვარიჭამიაში მოკლეს 2002 წელს დაბადებული მირიან კუკავა. მალევე, შსს-ს ცნობით, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, როგორც ჯგუფურად მკვლელობის, ასევე ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.