ახალი ამბები

ხაბაროვსკის მხარის მოსახლეობამ გუბერნატორის „ფრონტზე გასაშვებად“ პეტიცია შექმნა

13 სექტემბერი, 2022 • 2460
ხაბაროვსკის მხარის მოსახლეობამ გუბერნატორის „ფრონტზე გასაშვებად“ პეტიცია შექმნა

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარის მოსახლეობამ პეტიცია შექმნა, რომლითაც ითხოვს მიხაილ დეგტიარევის გათავისუფლებას გუბერნატორის თანამდებობიდან, რათა უკრაინაში საბრძოლველად წასვლა შეძლოს.

როგორც „ნასტაიაშაია ვრემია“ წერს, მანამდე გუბერნატორმა განაცხადა, რომ არა მისი სამსახურებრივი მოვალეობები, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად „სიამოვნებით“ წავიდოდა:

„გთავაზობთ, გაათავისუფლოთ გუბერნატორი, რათა შეძლოს საკუთარი ოცნების ასრულება, გაემგზავროს ფრონტის ხაზზე და მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში“, — აცხადებენ პეტიციის ავტორები, რომელთა რაოდენობა 5 ათასს აღწევს.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მოხალისედ წასვლის სურვილის შესახებ დეგტიარევმა 8 სექტემბერს განაცხადა, როდესაც საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა რეგიონში ფორმირებული მოხალისეთა ორი ბატალიონის შესახებ.

„ნასტაიაშაია ვრემია“ აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში მოხალისეებისგან დაკომპლექტებული 40-ზე მეტი ბატალიონი შეიქმნა, რომელთა წევრებთან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოკლევადიან კონტრაქტებს აფორმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი