ახალი ამბები

”საიდუმლო სირობა”

3 მაისი, 2010 • • 2916
”საიდუმლო სირობა”

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და ზოგიერთი პოლიტიკოსი სტუდენტებთან ერთად  დღეს ილიას უნივერსიტეტის რექტორის გიგი თევზაძის გადადგომას ითხოვდნენ.

საიდუმლო სირობა – ეს ის სიტყვებია, რომლის წარმოთქმაც მშკ-ს თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძეს უჭირს.

თუმცა ეს ის წიგნია, რომელიც ერეკლე დეისაძემ ცოტა ხნის წინ გამოსცა და რომლის პრეზენტაციაც ერთი კვირის წინ ილიას სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

დღეს ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაცია გახდა  საპროტესტო აქციის მოტივი, უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომის მოთხოვნით.

ავთანდილ უნგიაძე ამბობს, რომ აქცია სტუდენტებმა მოაწყვეს და მშკ მათ მოთხოვნებს შეუერთდა. თუმცა მათ გარდა საპროტესტო აქციას რამდენიმე პოლიტიკოსიც დაესწრო. მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური. მოგვიანებით კი მას კოლეგა ”სახალხო პარტიიდან” ნიკა ივანიშვილი შეუერთდა.

პროტესტის მიზეზი, გარდა ”საიდუმლო სირობისა”, უნგიაძის თქმით, სამლოცველოს გახსნაზე მიღებული უარია.

სტუდენტებმა 1300 ხელმოწერა შეაგროვეს და უნივერსიტეტს სამლოცველოს გახსნა მოთხოვეს.

”მოითხოვეს სალოცავი კუთხე და ამაზე უარი მიიღეს. სამაგიეროდ გამართეს პრეზენტაცია ყოვლად უხამსი ღვთისშეურაცხმყოფელი წიგნისა. აი, ეს სიტუაცია უნდა მოიშალოს, თევზაძე უნდა წავიდეს და, საერთოდ, ყველა, ვინც თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგიის მატარებელია”-ამბობს უნგიაძე.

ილიას უნივერსიტეტის კანცლერი, სერგო რატიანი ამბობს,რომ წიგნი დამოუკიდებელმა გამომცემლობამ გამოსცა (”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”) და შეიტანა უნივერსიტეტში არსებულ წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”. მისი თქმით, წიგნის შემოტანის პროცედურა ითვალისწინებს წიგნის გაცნობას მომხმარებელთათვის.

რაც შეეხება სალოცავის გახსნას, რატიანი ფიქრობს, რომ უნივერსიტეტი არის სივრცე, სადაც ხდება კვლევა და სწავლა.

”ის სივრცე, სადაც ხდება ლოცვა, არის სხვა სივრცე. და ამ ორი სივრცის აღრევა  ერთსაც აზიანებს და მეორესაც”.

ილიას უნივერსტიტეტთან დღეს გამართულ აქციაში, სტუდენტებთან ერთად, მშკ-ს წევრები და სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. 

„ეს მკრეხელური ნაწარმოებია, სადაც შეურაცხყოფილია პირადად ჩემი, როგორც  მართლმადიდებელის რელიგიური გრძნობები. მისი ტირაჟირება გააკეთა გიგი თევზაძემ.  ჩვენ ვაცხადებთ, რომ არავის არა აქვს უფლება,  შეეხოს ჩვენს რელიგიურ გრძნობებს. მე ვეთანხმები მოთხოვნას, რომ თევზაძე გადადგეს”- ამბობს ზვიად ძიძიგური.

ავთანდილ უნგიაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტს სამდღიანი ვადა აქვს მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. სხვა შემთვევაში საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს -ამბობს უნგიაძე.

წიგნის ავტორის, ერეკლე დეისაძის თქმით, ერთი კვირის წინ პრეზენტაციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა:

”ან არ იყვნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან მოსულები, ან მოვიდნენ და ჩუმად იყვნენ”.

თუმცა დასძენს, რომ სოციალურ ქსელებში ხშირად მისდის მუქარის წერილები.

”საიდუმლო სირობა” ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული მოთხრობისგან შედგება.

პოეტი ზაზა კოშკაძე ფიქრობს, რომ ეს წიგნი უფრო ”პოლიტიკურ-სოციალური მანიფესტია, ვიდრე, უბრალოდ, მოთხრობების კრებული, რომელსაც წაიკითხავ და დაივიწყებ”. მისი თქმით, ეს არის წიგნი, რომელიც საზოგადოებას ალაპარაკებს უფრო მეტად მის იდეებზე, ვიდრე იმაზე, თუ როგორ და რამდენად კარგად არის ის დაწერილი:

”ავტორი ღეჭავს ყველაზე გაყიდვად თემებს, როგორიც არის რელიგია, პორნო, გენდერი და მისი პერსონაჟები არიან თანამედროვე ქართული მენტალობის სრული ანტიპოდები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი