ახალი ამბები

მთავრობის სხდომაზე “ბევრი კითხვის” დასმის გამო არ შემიშვეს – ჟურნალისტი

12 სექტემბერი, 2022 • 1041
მთავრობის სხდომაზე “ბევრი კითხვის” დასმის გამო არ შემიშვეს – ჟურნალისტი

BM.GE-ს ჟურნალისტი და რედაქტორი, თელარა გელანტია აცხადებს, რომ მთავრობის სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ შეუშვეს. მიზეზად კი დაუსახელეს, რომ „ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს“.

საუბარია პრესკონფერენციაზე, რომელიც მთავრობის სხდომის შემდეგ ტარდება. როგორც წესი, ამ პრესკონფერენციას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი კითხვები დასვან. პრესკონფერენციაზე დასასწრებად მთავრობის პრესსამსახურის წინასწარი გაფრთხილებაა საჭირო.

როგორც თელარა გელანტია ნეტგაზეთს უყვება, სხდომის ანონსის გამოცხადების შემდეგ მიმართა პრესსამსახურის თანამშრომელს, ნინო ცხადაძეს და დასწრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რაც ამ უკანასკნელმა დაუდასტურა.

დღეს კი, მისვლისას მას განუცხადეს, რომ სიაში არ არის. ჟურნალისტი განმარტავს, რომ პრესსამსახურის ამ თანამშრომელმა არშეშვების მიზეზის შესახებ დაწერა პროდიუსერებისთვის განკუთვნილ საერთო ჩატში და მიზეზად “ბევრი კითხვის” დასმა დაასახელა.

„ნინო ცხადაძემ დაწერა – „არასდროს არავის ჰქონია პრობლემა კითხვებზე პასუხისა, ამ ელემენტარული წესის დაცვა არ ხდებოდა თქვენი ჟურნალისტის მიერ. ბევრჯერ გავაფრთხილეთ და ვთხოვეთ, ინტერვიუს რეჟიმში არ დაესვა კითხვები. თუმცა, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას“.

ეს პრეტენზია ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან მთავრობის სხდომა, ფაქტობრივად, ერთადერთი ადგილია ბოლო მეორე თუ მესამე წელია, სადაც საშუალება მაქვს ხოლმე, ეკონომიკურ გუნდს დავუსვა კითხვა და როდესაც არის საშუალება, რომ რამდენიმე კითხვა დავსვა, ბუნებრივია, ამას ვაკეთებ“ ,- ამბობს გელანტია ნეტგაზეთთან და მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებმაც დღეს მისი არშეშვების მიზეზის შესახებ კითხვები დასვეს მთავრობის სხდომის შემდეგ.

გელანტია ამბობს, რომ პირადადაც გაესაუბრა ნინო ცხადაძეს და იგივე პასუხი მიიღო. კერძოდ კი ის, რომ ბევრ კითხვას სვამს, აწუხებს კოლეგებს და მუშაობს ინტერვიუს ფორმატში.

„ალბათ, დისკომფორტს უქმნით და არ მოსწონთ ჩემი კითხვები, რომელიც შეიძლება იყოს კრიტიკული, მაგრამ მგონია, რომ მედიის ფუნქცია ეს არის. ჩემი კითხვები კი ყოველთვის საქმიანია და იმ პროფილის, რომელიც BM.GE-ს აქვს“.

თელარა გელანტია პრესკონფერენციაზე მის არდაშვებას უკავშირებს 9 სექტემბერს მომზადებულ სიუჟეტს. სიუჟეტი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ უკვე 2 წელია მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე არ იტვირთება მთავრობის განკარგულებები, რაც კანონს ეწინააღმდეგება.

გელანტია და BM.GE განიხილავენ, რომ ამ საკითხზე მედიაორგანიზაციებს მიმართონ.

ნეტგაზეთი ასევე ელოდება განმარტებებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისგან. ჩვენ მივმართეთ უშუალოდ ნინო ცხადაძესაც.

პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ჰკითხეს – „რისთვის დასაჯეთ თელარა გელანტია?“.

„არ ვიცი, რამდენად არის ეს დასჯა, უბრალოდ, ეს ინფორმაცია მივიღე თქვენგან. ბუნებრივია, ადმინისტრაცია გააკეთებს განმარტებას ამასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ეს კონკრეტული ფაქტი“, – თქვა მან.

დამატებით კითხვაზე, თუ რომელი წესი დაარღვია ჟურნალისტმა – „თქვენთვის არასასურველი კითხვა რომ დასვა?“

„ჩემთვის არასასურველი კითხვა არ არსებობს. შეკითხვა არის შეკითხვა, რომელზეც, ბუნებრივია, ჩემი მოსაზრება და პასუხი მექნება. მოვისმენთ ადმინისტრაციის განმარტებას და შემდგომ შეიძლება შეფასება“, – დაამატა მინისტრმა.

ხუციშვილის თქმით,  არ ჰგონია, რომ არშეშვება უკავშირდებოდეს რომელიმე სიუჟეტს და თავად ფინანსთა სამინისტრო ღიაა ჟურნალისტებთან კომუნიკაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი