ახალი ამბები

TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა — ლორთქიფანიძე

10 სექტემბერი, 2022 • 1949
TBC ბანკმა სანქცია დამადო და ანგარიშები დამიხურა — ლორთქიფანიძე

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ სანქცია დაადო და ანგარიშები დაუხურა.

ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა ბანკის შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკის შიდა პოლიტიკის გათვალისიწნებით უწევთ ანგარიშების დახურვა და ერთი კვირის განმავლობაში ნაშთის განულებას სთხოვენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნულს „საბანკო ტერორს“ უწოდებს. ის არ აკონკრეტებს, პირადი ანგარიში დაუხურეს თუ ორგანიზაციის.

დიმიტრი ლორთქიფანიძის კომენტართან დაკავშირებით, „თიბისი“ აცხადებს, რომ „განუხრელად იცავს საერთაშორისო სანქციებს და შესაბამისად, დააინიცირა იმ იურიდიული პირის/ორგანიზაციის ანგარიშის დახურვა, რომლის დამფუძნებელიც სანქცირებული იურიდიული პირია“.

კლიენტის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით, ბანკი ორგანიზაციას არ ასახელებს.

როგორც ცნობილია, დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელია. ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წლის ივლისში, გორჩაკოვის ფონდისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (თბილისი) დახმარებით დაარსდა. გორჩაკოვის ფონდი, თავის მხრივ, 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი