რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსული ჯარები ბალაკლეიდან და იზიუმიდან გადაჯგუფდნენ დონეცკის მიმართულებით, რათა მიაღწიონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახულ მიზანს — დონბასის გათავისუფლებას.
ეს არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირველი კომენტარი, რომელიც ადასტურებს უკრაინის მიერ ბალაკლეაზე და იზიუმზე კონტროლის დამყარებას.
„ამ მიზნით, სამი დღის განმავლობაში განხორციელდა ოპერაცია იზუმ-ბალაკლეის ჯარების ჯგუფის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორგანიზებულად გადასაყვანად“, — განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დონეცკის მიმართულებით რუსული ჯარების გადაჯგუფების ოპერაციის დროს უკრაინის არმიის პოზიციებზე საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განხორციელდა.
„ამ ოპერაციის დროს განხორციელდა არაერთი საჩვენებელი აქტივობა ყურადღების გაფანტვის მიზნით და ჯარების რეალური მოქმედებების დასაფარად“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსული მხარის მტკიცებით, სამ დღეში ორი ათასზე მეტი უკრაინელი და უცხოელი მებრძოლი, ასევე 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო დანადგარი განადგურდა.
კონტრშეტევის შედეგად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე ათეული დასახლება, მათ შორის, მნიშვნელოვანი ქალაქები: ბალაკლეა, იზიუმი და კუპიანსი. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები იმყოფებიან ლისიჩანსკის მიდამოებში.
