ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელმა ქალი სექსუალურად შეავიწროვა — საფარი

9 სექტემბერი, 2022 • 1049
თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელმა ქალი სექსუალურად შეავიწროვა — საფარი

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ქალი თავის ხელმძღვანელ კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქალთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია “საფარიმ” დღეს, 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ქალმა “საფარის” 23 აგვისტოს მიმართა, სექსუალური შევიწროების შესახებ აცნობა და წარადგინა მტკიცებულებებიც. “საფარის” ცნობით, ქალი ჰყვებოდა, რომ დაახლოებით 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებაში, ასევე ახსენებდა გენდერული დისკრიმინაციის ფაქტებსაც.

ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას 24 აგვისტოს მიმართა, სადაც წარადგინეს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები, თუ “როგორი დამაკნინებელი და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებს” ხელმძღვანელი კაცი თანამშრომელ ქალს. “ასევე ჩანს შევიწროების სხვა ელემენტებიც”.

ლუკავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთმა მხოლოდ ქალმა გადაწყვიტა გენერალური ინსპექციისთვის მიემართა, ამ განყოფილებაში მომუშავე კიდევ ორი ქალი საუბრობს სექსუალური შევიწროების შესახებ.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ უშუალო ხელმძღვანელის გარდა, მომჩივანი ქალი საუბრობს თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის მხრიდანაც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასა და სექსუალურ შევიწროებაზე.

“საფარი” აცხადებს, რომ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მომჩივან ქალისა და მისი ადვოკატის თამარ ლუკავას მტრულად იყვნენ განწყობილი:

“[გენერალურ ინსპექციაში] ძალიან მტრული გარემო შეექმნა ქალს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო მისული, კიდევ უფრო ტრავმულ მდგომარეობაში ჩააყენეს. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ჩემი, როგორც ადვოკატის მიმართაც, მანამ, სანამ გაარკვევდნენ რომ ვიყავი “საფარის” წარმომადგენელი…

როდესაც ქალმა დაურეკა გენერალური ინსპექციის წარმომადგენელს და უთხრა, რომ მიდიოდა ადვოკატთან ერთად, მე პირადად მოვისმინე მათი პასუხი, რომ არ იყო საჭირო ადვოკატის მიყვანა, თანამშრომლები იყვნენ და თვითონ მოაგვარებდნენ ამ საკითხს, სამოქალაქო პირის შეშვებას თავდაცვის სამინისტრო გენერალურ ინსპექციაში არ აპირებდა. მხოლოდ მკაცრი მოთხოვნის შემდეგ მიიღეს ჩემი დაშვების გადაწყვეტილება. შესვლისთანავე, პირველი კითხვა რაც გაისმა, ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მხრიდან მსხვერპილის მიმართ იყო, აბა განმიმარტე რა არის გენდერული დისკრიმინაცია და რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება…

დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გვქონდა კამათი, რომ დაეწყოთ დროული გასაუბრება ქალთან. ამ ორი საათის განამვლობაში ეს ქალი იყო ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, მუდმივად ტიროდა”, — განაცხადა “საფარის” ადვოკატმა.

ლუკავა ასევე აცხადებს, რომ გენერალურმა ინსპექციამ საქმის მოკვლევა გააჭიანურა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ქალი იგივე განყოფილებაში აგრძელებს მუშაობას, სადაც, როგორც ამბობს, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არაერთხელ გახდა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს მოკვლევა, მტკიცებულებები სახეზეა. არ სჭირდება ორი კვირა ამის მოკვლევას, ერთი კვირის ვადაშიც საკმარისი მტკიცებულებები იყო წარდგენილი იმისთვის, რომ ეს პიროვნება გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, ვგულისხმობ უშუალო ხელმძღვანელს. და იმ ორი პირის მიმართაც ჩაეტარებინათ შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა გენერალური ინსპექცია დუმს და არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალი ისევ იგივე დანაყოფში აგრძელებს მუშაობას. იგივე ხელმძღვანელის დაქვემდებარებაშია და ასევე იგივე საცხოვრებელ პირობებში უწევს ცხოვრება. ანუ იგივე საოფისე ფართში, სხვა კაცების თანდასწრებით, რომლებიც მუშაობენ, ვერ ახერხებს იმას, რომ თავისი დასვენების საათები გამოიყენოს”, – განმარტავს ადვოკატი.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით “საფარის” პრესკონფერენციის შემდეგ განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც.

სამინისტროს სტრატკომი წერს, რომ საჩივრის მიღების დღესვე, 24 აგვისტოს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურებრივი შემოწმება.

“ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები: გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული.

გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ნეტგაზეთმა სამინისტროს მიმართა კითხვით, გადაიყვანენ თუ არა მოკვლევის პერიოდში მომჩივან ქალს, ან მის უშუალო უფროსს სხვა განყოფილებაში. სტატიის გამოქვეყნებისას აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი