ახალი ამბები

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

6 სექტემბერი, 2022 • 911
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ჯოზეფ ბორელმა სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და არ არსებობს მოკლე გზა ამისთვის.

ბორელის თქმით, პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ უნდა შეძლოს პოლარიზაციის შემცირება. მისი თქმით, დემოკრატიული პრინციპები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება, სამართლის უზენაესობის პრინციპები ევროკავშირის საფუძველია, რაზეც საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო ახლა კი დროა დანაპირები შეასრულოს:

„ხაზი მინდა გავუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას. ამ გზაზე ყველა აქტორი თავის როლს ასრულებს, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა გამოკვეთილია.

მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ პოლიტიკური დიალოგის შესახებ, რაზეც საუბარი გვქონდა საბჭოზე. ჩვენი შეფასება გავაცნი პარტნიორებს იმ სფეროებში სადაც საქართველოს გარკვეული წუხილი უკავშირდება. ესაა სასამართლო სისტემა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება მათ შორის, მზარდი პოლიტიკური წნეხი და საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. ჩვენ იმედი გვაქვს საქართველო ამ საკითხებს მოაგვარებს და ამაში მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთვება,“ – ამბობს ჯოზეფ ბორელი.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაა მზადაა 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის :

„ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, 1 ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები,მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცაღა, გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, მმართველი პარტია და მთავრობა 12 პუნქტის შესასრულებლად თანამშრომლობისთვის კარს უხსნის ყველა ყველა ოპოზიციურ პარტიას როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ.

შეხვედრის დასასრულს განცხადება ოლივერ ვარჰეიმაც გააკეთა. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამაში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული. ვარჰეი აღნიშნავს, რომ ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გაერთიანდეს:

„რეკომენდაციას ვიძლევით, რომ საქართველომ აქცენტი 12 პრიორიტეტზე გააკეთოს რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა. კერძოდ, გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში ჩატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იქნას უზრუნველყოფილი და ეკონომიკურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება, მედიის თავისუფლება იქნას უზრუნველყოფილი.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მჭიდროდ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით. მომავალ წელს იმედი გვაქვს, როდესაც ჩვენს შეფასებას ჩავატარებთ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში იმედი გვაქვს პოზიტიურად შევაფასებთ საქართველოს წინსვლას,“ – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი