ახალი ამბები

ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს

6 სექტემბერი, 2022 •
ბერდიანსკში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის ცენტრში რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არტიომ ბარდინი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ RIA ავრცელებს.

პრო-კრემლისტური მედია წერს, რომ ბარდინი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. RIA-ს ცნობით, აფეთქებას წინ სროლა უძღოდა.

როგორც The Insider წერს, ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევა არაა, როცა პრო-რუსული “ხელისუფლების” წარმომადგენლების მკვლელობა სცადეს. მანამდე, ხერსონის რეგიონში მოკლეს უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრი ალექსეი კოვალევი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მხარეს გადავიდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, კოვალევი სახლში ცეცხლსასროლი ჭრილობით მოკლეს.

აგვისტოს დასაწყისში კი რუსეთის მიერ დანიშნული ნოვოკახოვკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიტალი ტური დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მანამდე კი ხერსონის რეგიონში ვლადიმირ სალდო სავარაუდოდ მოწამლეს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ივლისში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხარკოვის რეგიონის სოფელ ველიკი ბურლუკის გამგებელი ევგენი იუნაკოვი ააფეთქეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი